LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრი ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებს შეხვდა

117
ლაშა ხუციშვილი - სანდრო ჭუმბურიძე

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და საინვესტიციო მიმზიდველობას.

მინისტრმა ორი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის აუცილებელი კომპონენტები მიმოიხილა.

“ლაშა ხუციშვილმა, ასევე, ისაუბრა გლობალური და რეგიონული მასშტაბის გამოწვევების პირობებში მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ფისკალური დისციპლინის მნიშვნელობის შესახებ. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკური ზრდის მთავარ წარმმართველ ძალად კერძო სექტორს მოიაზრებს. როგორც მან აღნიშნა, სწორედ ამიტომ, სახელმწიფო მიზნად ისახავს მხოლოდ იმ საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რომელიც წაახალისებს და მოიზიდავს კერძო ინვესტიციებს კონკრეტულ სფეროში, მათ შორისაა: ჩქაროსნული მაგისტრალი; ტურისტული ინფრასტრუქტურა; შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, ღრმაწყლოვანი პორტი.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და სტაბილური შეფასებაა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი. მისი თქმით, მთავრობის მნიშვნელოვანი ამოცანაა საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა.

შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. ფინანსთა მინისტრმა უპასუხა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს”, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.