LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრი: ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანა ციფრული ეკონომიკის ხელშეწყობა უნდა იყოს

57
178794050-4060432177328398-2712692928638145471-n

აზიის განვითარების ბანკის 54-ე წლიური შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში დაიწყო და ის 3-5 მაისს გაგრძელდება. პირველი დღის ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართა ADB-ის მმართველთა სემინარი თემაზე: „თანამშრომლობა მდგრადი მომავლისთვის.“

სემინარში აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, მასაცუგუ ასაკავასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მმართველმა და ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მიმართულებაზე, რომლის სწრაფი განვითარებაც, მნიშვნელოვანია პოსტპანდემიურ პერიოდში, ესაა: ციფრული ეკონომიკა, ადამიანური კაპიტალი და საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობა.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ჯერ კიდევ სრულად არ არის გამოყენებული ციფრული ეკონომიკის შესაძლებლობები, რაც მისი თქმით, კარგად გამოჩნდა პანდემიის პირობებში.

„ჩვენ დავინახეთ, რომ ციფრულ ეკონომიკას აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები. ის სულ უფრო მეტ ადგილს დაიკავებს ჩვენს ეკონომიკურ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, მომავალში, ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანა სწორედ ციფრული ეკონომიკის ხელშეწყობა უნდა იყოს. განსაკუთრებით, ისეთი ტიპის ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, თუკი გვინდა, რომ მივაღწიოთ ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალ ტემპებს. ამასთან, მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომა, ასევე მნიშვნელოვანია ციფრული ეკონომიკის განვითარების დაჩქარებისთვის. საქართველოს მთავრობამ დაიწყო პროექტი „ფართოზოლოვანი ინტერნეტი ყველა მოქალაქეს“, რომლის საშუალებითაც მოხდება საქართველოს დაფარვა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ქსელით“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მან, ასევე, ისაუბრა ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია ინვესტირება ამ მიმართულებითაც. თავის გამოსვლაში ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი უნდა შეიტანოს ეკონომიკის აღდგენის პროცესში.

„პანდემიამ გვიჩვენა, თუ როგორი ურთიერთდამოკიდებულები ვართ, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ არ შევქმნათ ხელოვნური ბარიერები. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აქვს, როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან და ჩვენს ყველა მეზობელთან. უკვე მოლაპარაკების აქტიურ რეჟიმში ვართ და მალე დავასრულებთ პროცესს ინდოეთთან. პანდემიის გამო, ახლა იქ ურთულესი ვითარებაა. ვსარგებლობ შესაძლებლობით და მსურს, თანადგომა გამოვუცხადო მათ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვფიქრობ, საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობა და ვაჭრობის ხელშეწყობა – ეს არის სწორი გზა, რომელიც წარმმართველი ძალა უნდა გახდეს ეკონომიკის აღდგენისთვის პოსტპანდემირ ეპოქაში. ვფიქრობ, ეს მიმართულება დაგვეხმარება ეფექტურად დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები