LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილოსოფიური აზროვნება – შეემატება თუ არა საპატრიარქოს ჩართულობით შემუშავებული ახალი საგანი სკოლებს

სასწავლებლებში ბავშვთა ადრეულ ასაკში ფილოსოფიური აზროვნების განვითარება და ლოგიკური მოქმედებების უნარ-ჩვევების სწავლება – საპატრიარქოში შესაბამისი სასწავლო პროგრამების დამუშავების აუცილებლობაზე საუბრობენ. საკითხი განხილვის საგანი იყო სინოდის სხდომაზე და როგორც სხდომის ოქმში ვკითხულობთ, შესაბამისი სწავლების აუცილებლობაზე პატრიარქმა, ილია მეორემ ისაუბრა. თემის გარშემო აზრი გამოთქვეს რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ და სხვებმა.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირები მიიჩნევენ, რომ სწავლების პროცესში ძირითადი აქცენტი სულიერების ამაღლებაზე უნდა გაკეთდეს, ხოლო სასწავლო პროგრამა საპატრიარქოს განათლების ცენტრთან ერთად უნდა დამუშავდეს. აქვე საუბარია სწავლების მიზნებზე და ნათქვამია, რომ “სულიერი ცოდნა დაგვიცავს გონებისა და გულის ამპარტავნებისაგან.”

 

გაიზიარებს თუ არა სახელმწიფო საპატრიარქოს ინიციატივას

სხვადასხვა ინიციატივებზე სახელმწიფო უწყებებსა და საპატრიარქოს შორის კონსულტაციები ხშირად გვინახავს, მათ შორის, განათლების სექტროშიც. მაგალითად, ცოტა ხნის წინ საუბარი იყო სკოლებში რელიგიის ისტორიის დაბრუნების საკითხზეც, მაშინ საპატრიარქოს წარმომადგენლების მხრიდან დადგა საკითხი, რომ სკოლებში რელიგიის გაკვეთილები გადამზადებულმა სასულიერო პირებმა ჩაატარონ. თუმცა, განათლების სამინისტრომ და პარლამენტის კომიტეტის ხელმძღვანელმა მაშინ განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს და აღნიშნეს, რომ ყველაზე მართებულია, ამ საგნის სწავლება შესაბამისი ტრენინგის შემდგომ ჰუმანიტრული დისციპლინების პედაგოგებმა შეითავსონ.

კიდევ ერთი საგანი, რომელთან დაკავშირებითაც საპატრიარქო ჩართულობას ითხოვდა – “მე და საზოგადოებაა”, რომელიც სასწავლო პროგრამაში მომავალი წლიდან შევა. საგანთან დაკავშირებით, რომელზეც განათლების სამინისტროში განმარტავდნენ, რომ მან მოსწავლეს დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება უნდა ჩამოუყალიბოს, საპატრიარქოს განათლების ცენტრმა უარყოფითი პოზიცია გამოხატა. საგანი ჯერ-ჯერობით საპილოტე პროექტის ფარგლებში, რეგიონის რამდენიმე სკოლასა და თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში დაინერგა, სადაც ინტერპრეტაციების თავიდან ასაცილებლად, პირველ გაკვეთილს მშობლებიც დაესწრნენ. რამდენად დაინერგება სკოლებში პროგრამა, რომელზეც ახლა სინოდის სხდომაზე ისაუბრეს, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა, განათლების კომიტეტში ფიქრობენ, რომ საპატრიარქოს ამ ინიციატივაზე მსჯელობა უნდა შედგეს.

“გასაგებია, რა თქმა უნდა, მათი პოზიცია, სულს მოვლა სჭირდება. თუ კომპეტენტური, სწავლული ადამიანი ჩაერთვება, ამაში ვერ ვხედავ ვერავითარ ცუდს. კონსულტაციების დონეზე ალბათ საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს,”- აღნიშნავს “ფორტუნასთან” განათლების კომიტეტის წარმომადგენელი ალექსანდრე ქანთარია და დასძენს, რომ სკოლებთან დაკავშირებით სამსჯელო ბევრია, მათ შორის საპატრიარქოს ეს ინიციატივაც. სეკულარიზმის პრინციპებთან, ასევე სხვა ეკლესიების ჩართვის საჭიროებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ კი ალექსანდრე ქანთარია განმარტავს, რომ “მართლმადიდებლური ეკლესია დომინანტია ამ ქვეყანაში და ალბათ, ისეთი რამე არ უნდა იყოს იქ, რომ სხვებს გარკვეული უარყოფითი დამოკიდებულება გაუჩნდეთ და ალბათ, არც იქნება.”

 

რას ფიქრობენ საექსპერტო წრეებში

კონკორდატის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ განათლების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რელიგიასთან არის კავშირში, სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას საპატრიარქოსთან შეთანხმებით იღებს. როგორც განათლების საკითხებში ექსპერტი რევაზ აფხაზავა “ფორტუნასთან” განმარტავს, სხვა შემთხვევაში რა უნდა ისვწალებოდეს სკოლებში და როგორ, ეს განათლების სამინისტროს კომპეტენციაა.

პირიქით დავალებების მიცემა რა მიზანს ემსახურება? საგნის დამატებაზე არ არის საუბარი, მთავარია, კარგად იყოს განმარტებული რას ემსახურება და როგორ მოხდება ამის განხორციელება და რეალურად, რამდენად შესაძლებელია ეს მიზანი მიიღწეოდეს. ვერ ვხედავ, რომ ამის შესაძლებლობა იყოს, იმიტომ რომ არა თუ ფილოსოფიის, რელიგიათმცოდნეობის, არამედ იმ ფუნდამენტური მეცნიერებების სწავლების პრობლემა გვაქვს, რომლებსაც ახლა ვასწავლით სკოლაში,”– ამბობს რევაზ აფხაზავა.

ექსპერტი ამბობს, რომ ლოგიკური აზროვნების განვითარება, განათლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს, თუმცა, ცალკე მსგავსი პროგრამის შემუშავების აუცილებლობას ვერ ხედავს და მიაჩნია, რომ ის ინტეგრირებული უნდა იყოს ყველა საგანში. ექსპერტი მიუთითებს, რომ პროგრამის შემუშვებაში საპატრიარქოს ჩართულობით სეკულარობის პრინციპი ირღვევა და შესაძლოა, ამან ხელი შეუწყოს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციასაც.

“ჩვენ გვქონდა ასეთი ტიპის გამოცდილება, როცა დაახლოებით ასეთი ტიპის საგნები ისწავლებოდა და სერიოზულ პრობლემებს ვაწყდებოდით,  წარსულ შეცდომებზე მაინც უნდა შევძლოთ ვისწავლოთ და სად რა უნდა ისწავლებოდეს, ვინ რაზე უნდა ზურნავდეს, ამაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. სხვა შემთხვევაში ძალიან ბევრი რელიგიის წარმომადგენლის ჩართვა დაგვჭირდება ამ საკითხში, ეს არის ურთულესი პროცესი და ამის რესურსი არც საპატრიარქოს აქვს და არც სახელმწიფოს. ამიტომ, თავიდანვე კარგად უნდა გაანალიზდეს რისი შესაძლებლობი არსებობს, შეიძლება უამრავი კარგი იდეა არსებობს, მაგრამ თუ ჩვენ ამის შესაძლებლობა არ გვაქვს ან ცუდი გამოცდილება გვაქვს, ეს უნდა გავაანალიზოთ,”– ამბობს რევაზ აფხაზავა.

რევაზ აფხაზავა აღნიშნავს, რომ რელიგიურ საკითხებზე და რწმენის განმტკიცებაზე ეკლესია უნდა ზრუნავდეს, თუმცა არა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ხოლო განათლების საკითხებზე უნდა ზრუნავდეს სკოლა სასკოლო სივრცეში.

“ამისთვის ჩვენ გვაქვს უამრავი მოქმედი ეკლესია და მონასტერი, რომელიც არ ჩამოუვარდება და შეიძლება აღემატებოდეს კიდეც სკოლების რაოდენობას და სულიერების საკითხები, ასეთ ადგილებში ან ეკლესიასთან არსებულ საკვირაო სკოლებში ისწავლებოდეს. ამას თუ ეკლესია ვერ ახერხებს თავის წიაღში, რომ ასეთი დამოკიდებულებები გააჩინოს, სკოლაში, რეგულირებად სივრცეში ამის გადატანა ჩემი აზრით, არაა მართებული,”– ამბობს რევაზ აფხაზავა.

სინოდის სხდომა საპატრიარქოში 21 ივნისს გაიმართა. იყო თუ არა მას შემდეგ სასკოლო პროგრამასთან დაკავშირებით რაიმე კონსულტაციები სახელმწიფო უწყებებთან, ჯერ-ჯერობით უცნობია.

თაკო ივანიაძე