LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილარმონიაში „სუხიშვილების“ დასკვნითი კონცერტი გაიმართა

452
სუხიშვიულები

თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში ქართული ნაციონალური ბალეტის, „სუხიშვილების“, კონცერტების სერიის დასკვნითი საღამო გაიმართა, რომელიც დიდი ილიკო სუხიშვილის დაბადების დღეს მიეძღვნა (4 აპრილს დიდი ხელოვანის დაბადებიდან 116 წელი გავიდა).

ოთხი დღის განმავლობაში ანსამბლმა წარმოადგინა რეპერტუარის როგორც ტრადიციული, ისე ახალი ქორეოგრაფიული ნიმუშები. კონცერტებში მონაწილეობდა დასის მთელი შემადგენლობა და ანსამბლის მუსიკოსები.

ილიკო სუხიშვილმა 1945 წელს, ნინო რამიშვილთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს, რომელმაც მსოფლიოს გააცნო ქართველი ერის უძველესი და უმდიდრესი ისტორია და კულტურა. ეს იყო პირველი პროფესიული სახელმწიფო ცეკვის ანსამბლი საქართველოში.

დღეს ქართულ ნაციონალურ ბალეტს სუხიშვილების ოჯახის მესამე თაობა ხელმძღვანელობს. ანსამბლის გენერალური და აღმასრულებელი დირექტორია ნინო სუხიშვილი, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი – ილიკო სუხიშვილი (უმცროსი).

ანსამბლმა 500-ზე მეტი გასტროლით მოიარა ხუთივე კონტინენტი და 90-ზე მეტ ქვეყანაში გამართა 10 000-ზე მეტი კონცერტი, რომლებსაც 50 მილიონზე მეტი მაყურებელი დაესწრო.
ქართული ნაციონალური ბალეტის ორსაათიანი პროგრამა მოგვითხრობს ქართველი ხალხის მებრძოლი სულისა და გმირობის შესახებ. წარმოდგენა გამდიდრებულია ზღაპრული კოსტიუმებით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები