ფიფა არ ისვენებს და სულ რაღაცის გამოჩხრეკას ცდილობს. ჯანი ინფანტინომ მორიგი სიახლე დაანონსა, თუმცა სიახლე ნაკლებად ეთქმის, რადგან მუნდიალზე გუნდების რაოდენობის ზრდა ისედაც გადაწყვეტილი ამბავია, უბრალოდ ამის გაკეთება ნაადრევად სურთ და ამაზე სიტყვა აქამდეც ჩამოუგდიათ.
მოკლედ, საქმე ისაა, რომ უკვე 2022 წელს, ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე შეიძლება მონაწილეობა არა 32-მა გუნდმა, არამედ 48 ნაკრებმა მიიღოს.
აქამდე კი ვიცოდით, რომ 48-გუნდიანი მუნდიალი 2026 წელს (აშშ, კანადა, მექსიკა) უნდა ყოფილიყო.
“მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა ყველამ მოიწონა. ახლა ვსწავლობთ ამ ფორმატის გამოყენებას უკვე 2022 წელს. ფედერაციების უმეტესობა მომხრეა. თუმცა, საორგანიზაციო საკითხებია შესასწავლი. ყატარში 48-გუნდიანი პირველობის ჩატარება რთული იქნება, მაგრამ შესაძლებელია რამდენიმე მატჩის მეზობელ ქვეყნებში გამართვა”, – თქვა ინფანტინომ.
ყატარმა თავად განაცხადა, რომ დამატებით გუნდების მიღების საშუალება არ აქვს, ამიტომ ფიფამ მატჩების მეზობლად ჩატარების იდეა წამოაყენა.