ფიფა წლის საუკეთესო ფეხბურთელებს მომავალში ზაფხულობით დააჯილდოვებს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში გეგმავენ, რომ წლის საუკეთესო მოთამაშისათვის განკუთვნილი პრიზით საუკეთესო ფეხბურთელი არა კალენდარული წლის, არამედ სეზონის ბოლოს დააჯილდოვონ. ვინაიდან თითქმის ყველა ჩემპიონატი მაისში სრულდება, ფიფაში მიიჩნევენ, რომ ზაფხული დაჯილდოების გასამართად შესანიშნავი დრო იქნება.
გარდა ამისა, ”ფიფას” სურს „The Best“-ის ”ოქროს ბურთისგან” დისტანცირება მოახდინოს.
შეგახსენებთ, რომ ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ საფეხბურთო ჯილდოს ”ფრანს ფუტბოლი” და ”ფიფა 2010-2015 წლებში ერთად გასცემდნენ, თუმცა 2016 წელს ფრანგულმა გამოცემამ ფიფასთან თანამშრომლობა შეწყვიტა, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ კი საკუთარი ჯილდო, “The Best” დააარსა, რომლის მფლობელიც გასულ წელს მადრიდის ”რეალის” ვარსკვლავი, კრიშტიანო რონალდო გახდა.