LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფენშუ“ – ამ სახელწოდებით საქართველოში ინოვაციური დესერტი შეიქმნა

525
130940373-128035882458824-2961808904905173478-n

100%-ით ნატურალური ხილისა და ბოსტნეულის წვენისგან დამზადებული ფელამუშის ახალი ვარიაცია – ეს დესერტი „ფენშუა“, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე სულ რაღაც ერთი თვეა გამოჩნდა და საზოგადოების დაინტერესება უკვე გამოიწვია.

პანდემიის პირობებში დაწყებული სტარტაპის ავტორი გვანცა ღვედაშვილია, რომელიც „ფორტუნას“ ინოვაციური დესერტის შესახებ უყვება.

„განსხვავებული დესერტის შექმნის იდეა დიდი ხნის წინ გამიჩნდა. ძალიან მიყვარს კულინარია და ახალი გზების ძიება. პანდემიის პერიოდში, ძალიან კარგი საშუალება მქონდა იმისთვის, რომ რუტინიდან და ერთფეროვნებიდან გამოვსულიყავი და რაღაც საინტერესო მეკეთებინა. დავიწყე ფიქრი ახალ იდეებზე, არომატებზე, ფორმებზე და საბოლოო შედეგამდე მივედი – სწორედ ასე შეიქმნა დესეტრი „ფენშუ“, – ამბობს გვანცა ღვედაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზეფენშუსბრენდის ქვეშ 5 არომატის ტკბილეული იწარმოება, ესენია: ფეიხოას არომატი, თეთრი ყურძნის, წითელი ყურძნის, სტაფილოს და ასევე ბროწეულის არომატი. როგორც „ფენშუს“ დამფუძნებელი ამბობს, გარდა ამისა, იწარმოება მეორე სტილის „ფენშუც“ – შოკოლადში ამოვლებული ფელამუში, სხვადასხვა კანფეტებით.

„ფენშუს მთავარი ღირებულება არის ის, რომ არ შეიცავს შაქარს, ქიმიურ დანამატებს და არის აბსოლუტურად ნატურალური პროდუქტი“, – ამბობს გვანცა ღვედაშვილი.

მისივე ინფორმაციით, „ფენშუს“ მიმართ დაინტერესება საზოგადოების მხრიდან უკვე არსებობს და საკმაოდ მაღალიც. „ამხელა გამოხმაურებას არ ველოდით. უკვე გვაქვს საინტერესო შეკვეთები და შემოთავაზებები სხდავასხვა კომპანიებისგან და საცალო მყიდველისგან“,- ამბობს „ფენშუს“ დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე „ფენშუ“ 2 სასაჩუქრე შეფუთვითაა წარმოდგენილი – მომცრო და დიდ ყუთში.

„ფენშუს“ პროდუქცია სახლის პირობებში მზადდება და წარმოების პროცესში გვანცა ღვედაშვილის ოჯახიც ჩართულია. „ფენშუს“ დამფუძნებელი სამომავლოდ ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას და საზღვარგარეთის ბაზრების ათვისებასაც გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები