ევროპული ტოპ-კლუბების მწვრთნელებმა უეფას გასვლით შეხვედრებში გატანილი გოლის უპირატესობის გაუქმება სთხოვეს.
შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ საგანგებო სხდომაზე, რომელსაც მასიმილიანო ალეგრი (”იუვენტუსი”), კარლო ანჩელოტი (”ნაპოლი”), ხულენ ლოპეტეგი (”რეალი”), უნაი ემერი (”არსენალი”), ჟოზე მოურინიო (”მანჩესტერ იუნაიტედი”), ტომას ტუხელი (”პსჟ”), პაულო ფონსეკა (”შახტარი”) და ლონდონის ”არსენალის” ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერი ესწრებოდნენ, მთავარი თემა სწორედ აღნიშნული წესის გადახედვის შესაძლებლობა იყო.
როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი წესების თანახმად იმ შემთხვევაში, თუ გუნდებს შორის ორმატჩიან დაპირისპირებაში გოლების თანაფარდობა დაფიქსირდება, მომდევნო ეტაპზე ის გუნდი გადის, რომელსაც გასვლით მატჩში მეტი გოლი აქვს გატანილი. ეს წესი 1965 წლიდან მოქმედებს.
თუმცა ევროპის საუკეთესო მწვრთნელებს მიაჩნიათ, რომ დღევანდელ ფეხბურთში სტუმრად გოლის გატანა ბევრად ადვილია, ვიდრე ადრე და ეს წესი შეხვედრის სანახაობრივ მხარეზეც აისახება, რადგან თუ გუნდი პირველ, გასვლით მატჩში უპირატესობას მოიპოვებს, მეორე შეხვედრაში მხოლოდ ამ შედეგის შენარჩუნებაზე თამაშობს და არ უტევს.
უეფას გენერალურმა მდივანმა, ჯორჯო მარკეტიმ განაცხადა, რომ უახლოეს ხანებში უეფა მოქმედ წესს გადახედავს.