FA ფიფას თხოვს გაარკვიოს იწვევს თუ არა ფეხბურთის თამაში გონებასუსტობას.
ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია შიშობს, რომ თავით თამაში სერიოზულად ვნებს ფეხბურთელებს.
ინიციატივით გამოვიდა FA-ს სამედიცინო განყოფილების დოქტორი იან ბისლი, რომელიც აპირებს გაარკვიოს არის თუ არა ფეხბურთის გამო გრძელვადიან პერსპექტივაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემების შექმნის საშიშროება.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია – გაირკვეს არის თუ არა კავშირი ფეხბურთის თამაშსა და კოგნიტური შესაძლებლობების დაქვეითებას შორის. შეგიძლიათ ამას გონებასუსტობა უწოდოთ. ჩვეულებრივ ფუნქციური დარღვევები ჩნდება თავის ტვინის დაზიანების შედეგად“, – თქვა ბისლიმ და დაწერა Sky Sports-მა.
ინგლისში ამის თაობაზე პირველად არ საუბრობენ. შიში და ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაირკვა, რომ ინგლისის ნაკრების სამ ყოფილ ფეხბურთელს, რომლებიც 1966 წელს მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, ალცჰეიმერის დაავადება აღმოაჩნდათ. ხოლო ყოფილი ფეხბურთელი ჯეფ ესტლი 2002 წელს გარდაიცვალა ბურთისთვის თავით გაუთავებელი დარტყმის შედეგად.