„20 წუთში იწყება ბილეთების გაყიდვა, ფეხბურთი ყველას გვაერთიანებს, როგორც ვიცით და იქნებ ტექნიკური შესვენება გამოვაცხადოთ, თორემ აგერ ვზივარ, UEFA-ს საიტი მაქვს გახსნილი და ვერ მივხვდი, რომელი საქმით დავკავდე.. იქნებ გაითვალისწინოთ ჩემი წუხილი. მთელი პარტია ჩასაფრებულები ვართ“ – ამ წინადადებით პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო რაქვიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს მიმართა. სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.
„რაც უფრო ადრე დასვამთ შეკითხვას, მით უფრო ადრე მოვასწრებთ“, – უპასუხა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისათვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, „უეფა“-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისთვის 15 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება. ქართველი ქომაგისთვის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების შეძენა უეფა-ს ბილეთების პორტალზე იქნება შესაძლებელი – https://www.uefa.com/euro2024/ticketing/
პორტალზე შესასვლელად საჭიროა, შექმნათ პირადი გვერდი ან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, გაიაროთ ავტორიზაცია. მომხმარებლის სრულყოფილი პროფილის შესაქმნელად დაგჭირდებათ საიტზე არსებული აუცილებელი ველების შევსება: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი.
ბილეთების გაყიდვის პროცესის დაწყებისას უეფა-ს პორტალი მოგანიჭებთ რიგის ნომერს. რიგი ჩაირთვება 15 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე. ერთ მომხმარებელს საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფური ეტაპის თითოეულ მატჩზე ორი ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება.