LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთელები ჭკუიდან შეიშალნენ: თამაშიდან გასვლა მსაჯებს უწევთ (ვიდეო)

39

ამ უქმეებზე ფეხბურთელებს რაღაც დაემართათ, ყოველ შემთხვევაში გერმანიასა და თურქეთში ფეხბურთელები ჭკუიდან გადავიდნენ.

ბუნდესლიგის მთავარ მატჩში, ლევერკუზენის ”ბაიერსა” და დორტმუნდის ”ბორუსიას” შორის შეხვედრის არბიტრი მოედნიდან გავიდა. ფელიქს ცვაიერმა მასპინძელთა პროტესტის და დაუმორჩილებლობის პასუხად თამაში 10 წუთით შეწყვიტა.

მეორე ტაიმის შუაწელს შტეფან კისლინგისა და მწვრთნელ როგერ შმიდტის მეთაურობით ”ბაიერის” ფეხბურთელებმა დორტმუნდელთა სადაო გოლის გაპროტესტება დაიწყეს. მსაჯმა კისლინგი გააყვითლა, ხოლო შმიდტს მოედნის დატოვება თხოვა. თუმცა ამაზე უარი მიიღო. ჰოდა, ადგა ცვაიერი და თავად მიატოვა თამაში. მისი მობრუნება ”ფარმაცევტების” ერთ-ერთმა ჩინოსანმა და წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა რუდი ფიოლერმა შეძლო.

 

არანაკლები საქციელი ჩაიდინა ”ტრაბზონსფორის” ფეხბურთელმა სალიჰ დურსუნმა, რომელმაც წითელი ბარათი იქით უჩვენა მსაჯს.

”ტრაბზონი” სტამბოლში ”გალათასარაის” ესტუმრა და 59-ე წუთისთვის იგებდა კიდეც, როდესაც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო ოზერ ხურმაჩიმ. მალე ლუკას პოდოლსკიმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 70-ე წუთზე მეორედ გააფრთხილეს აიკუთ დემირი. ხოლო, როდესაც 86-ე წუთზე წითელი ბარათი ლუის კავანდამაც მიიღო, სტუმრებს ნერვები აღარ ეყოთ. ორომტრიალში სალიჰ დურსუნმა არბიტრს წითელი ბარათი გამოართვა, იქით აუფრიალა და ჟესტით ანიშნა მოედანი თავად დაეტოვებინა. თუმცა მოედნიდან გასვლა ბუნებრივია თავად მოუხდა.

ამის შემდეგ ”გალამ” გამარჯვების გოლი შეაგდო – 89-ე წუთზე ინანმა გაიტანა.

 

 

https://www.youtube.com/watch?v=bY_UJ31kWP0