პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ჩაწერასთან დაკავშირებით, გადაცემაში “დღის თემა” მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, ფარული ჩანაწერების მომზადება შესაძლოა უკავშირდებოდეს მის აქტიურობასთან გიორგი მარგველაშვილის ოფისში, ასევე იუსტიციის საბჭოში. მისივე განცხადებით, ეს შესაძლოა პოლიტიკური საქმიანობისთვის მზადებასაც უკავშირდებოდეს.
როგორც დოლიძე აცხადებს, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მომზადების პრაქტიკა სუს-ის მხრიდან არსებობდა და გრძელდება პოლიტიკურად აქტიური და დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანების მიმართ.
“მსგავსი პრაქტიკა ჩვენთან არსებობდა, რომელიც გრძელდება პოლიტიკურად აქტიური და დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანების მიმართ. ფარული ჩანაწერების მომზადება უკავშირდება ჩემს აქტიურობას გიორგი მარგველაშვილის ოფისში, იუსტიციის საბჭოში და ასევე მზადებას პოლიტიკური საქმიანობისთვის, რომელიც როგორც ჩანს, ვიღაცებისთვის არასასურველია. მივესალმები, რომ პროკურატურა მყისიერად გამოეხმაურა ამ საკითხს და იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება ფორმალობა ე.წ. ცეცხლის ჩასაქრობად. მნიშვნელოვანია, რომ ივანე გულაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი დაიკითხონ”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
მოძრაობა” ხალხისთვის” ლიდერი აცხადებს, რომ გულაშვილის ჩვენებაში გარკვეული უზუსტობები იკვეთება და მნიშვნელოვანია, გამოძიების დროს მისი დაზარალებულად ცნობა მოხდეს.
“გულაშვილის ჩვენება არის სერიოზულად გამოსაკვლევი, რადგან ჩვენების მიხედვით ჩნდება ბევრი კითხვის ნიშნები, რაც გასაანალიზებელია. სწორედ ამიტომ მოვითხოვე გამოძიება და ჩემი დაზარალებულად ცნობა ამ გამოძიების დროს. პირველ რიგში დასადგენია თარიღი, თუ მიმდინარეობდა ჩაწერა, ის თარიღი, რომელიც მან ახსენა არის შეცდომა. 2014 წელს მე საქართველოში საერთოდ არ ვცხოვრობდი. პასუხისმგებლობის გამოვლენის მიზნითაც დასადგენია, როდის მიმდინარეობდა ეს ჩაწერა. გასაკვირია, რომ ადამიანი მიდის ამხელა ჩვენებაზე და ესეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მას ეშლება. მეორე შეუსაბამობა ამ ჩვენებაში ნივთებთან დაკავშირებითაა, რომელიც 2015 წლის შემოდგომამდე საერთოდ არ იყო იმ ბინაში. ამას სჭირდება გამოძიება. ის ახსენებს ჩვენებაში ათასობით ფაილს და მასახელებს ერთადერთ ქალ პოლიტიკოსს. ჩვენ ვიცით როგორ მოქმედებს ეს ინფორმაცია ქალებზე და საინტერესოა რატომ მოხდა მხოლოდ ჩემი სახელის და გვარის გაჟღერება. თან ჩემი, რომელიც არც იმ მხარეს მიეკუთვნება და არც ამ მხარეს. პოლიტიკურ პოლუსებს ვგულისხმობ”, – აცხადებს ანა დოლიძე.
ანა დოლიძე კახა საბანაძის მხრიდან თანამდებობის დატოვებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ დღევანდელი მდგომარეობით კახა საბანაძე ერთადერთი მაღალჩინოსანია ამ ხელისუფლებიდან, რომელმაც ამ საქმეზე პოზიცია დააფიქსირა.
“ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრია დუმს. ადამიანის უფლებათა კომიტეტი დუმს, ნდობის ჯგუფი დუმს, მათ ჰქონიათ, რომ დაგვავიწყდება მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა, რომ ქართულ ოცნებას ეკისრება? საბანაძე დღეს იყო ერთადერთი, რომელმაც პოზიცია დააფიქსირა, ეს ძალიან კარგი და იშვიათი პრეცედენტია. იმედი მაქვს, რომ ეს პოლიტიკური მიზანშეწონილობისთვის არ კეთდება, რომ ადგეს და რომელიმე პარტიაში შევიდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფაქტს ჯანსაღი გამოხმაურება მოჰყვეს, არ დარჩა ორგანიზაციები, რომლებიც მხარს არ მიჭერენ. იგივე გამოხმაურებას ველი პოლიტიკური სპექტრისგან, ქართული ოცნების და ოპოზიციონერი ქალი წევრებისგან, რადგან მგონია, რომ ეს ზეპარტიული საკითხია”, – აცხადებს ანა დოლიძე.
ანა დოლიძე აცხადებს, რომ გამოძიების პარალელურად საერთაშორისო წნეხი საერთაშორისო პარტნიორებისგანაც გაძლიერდება.
“შარშან მე ვიყავი დასახელებული მსოფლიოში ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული, მსოფლიო კამპანიის სახედ. მართლა ძალიან სევდიანია, რომ მე აღმოვჩნდი თავდასხმის ობიექტი და რა თქმა უნდა ამას გამოხმაურება მოჰყვება აქედანაც, ასევე ჩვენი პარტნიორებისგანაც ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც. უდიდეს სახსრებს დებს ჩვენი უსაფრთხოების სამსახურებში, ტრენინგებზე დაჰყავს ჩვენი თანამშრომლები და ნამდვილად არა იმისთვის, რომ სუს-ი საკუთარ მოქალაქეებს უთვალთვალებდეს იმის მაგივრად, რომ ფიქრობდეს, როგორ ააცილოს ქვეყანას საფრთხე. ასეთი მოვლენები ხდება ქვეყანაში, საოკუპაციო ხაზთან და ჩვენი უსაფრთხოების სამსახური ამით უნდა იყოს დაკავებული. სამარცხვინოა,” – განაცხადა ანა დოლიძემ გადაცემაში “დღის თემა”.
შეგახსენებთ, 21 მარტს „მთავარ არხთან“ინტერვიუში სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს იწერდნენ, მათ შორის მოძრაობა ხალხის ლიდერს, ანა დოლიძეს.
დღესვე, ცნობილი გახდა, რომ გავრცელებული ინფორმაციის გამო, თანამდებობა დატოვა შშს-ს მოადგილემ კახა საბანაძემ.
ანა დოლიძემ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებისთვის გენერალურ პროკურატურას მიმართა
საია გმობს პირადი ცხოვრების უკანონო ხელყოფას და ანა დოლიძეს მხარდაჭერას უცხადებს