LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარცხალაძისთვის ობიექტის მიყიდვამ თბილისის ბიუჯეტი დააზარალა – აუდიტის დეპარტამენტის უფროსი

92

მერია უმეტეს შემთხვევაში აუქციონებს აცხადებდა შემზღუდავი პირობით, ასეთ აუქციონებში კი მცირდებოდა საწყისი საპრივატიზაციო ფასი და შესაბამისად, მიწების გასხვისებაც ხდებოდა არასაბაზრო ღირებულებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი მამრიკიშვილმა, განუცხადა.

მამრიკაშვილის თქმით, აუდიტის სასამხურის მიერ მერიის საკუთრებაში არსებული ქონების და განკარგვის თაობაზე გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც 2015-2016 წლებს მოიცავს, გამოვლინდა 10 შემთხვევა, როცა მერიის მიერ შემზღუდავი პირობის დაწესება მოხდა ისე, რომ არსებობს რისკი აღნიშნული მორგებული ყოფილიყო კონკრეტული პირების ინტერესებზე.

რაც შეეხება ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის მიწის ნაკვეთის მიყიდვას, მამრიკიშვილის თქმით, კონკრეტულ გვარებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ადასტურებს, რომ ამ შემთხვევაში მერიამ პროცესი გააჭიანურა და ისე წარმართა, რომ ზიანი მიადგა თბილისის ბიუჯეტს.

„ანგარიშში აქცენტი გაკეთებულია სისტემურ დარღვევაზე, რაც გამოვლინდა მერიაში და ამან გამოიწვია, ის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მათ შორის თქვენს მიერ ხსენებული პიროვნებისთვის ობიექტის მიყიდვით ზიანი მიადგა მერიის ინტერესებს. თანხობრივად ვერ ვიტყვით რამდენია ზარალი, რადგან ჩვენ ვერ ვადგენთ ამას, მაგრამ ვამბობთ, რომ მერიამ გააჭიანურა პროცესი, რამაც დააზარალა ბიუჯეტი. მოქალაქეს, რომლის მიწაზეც გზა გავიდა, თავიდან არ აუნაზღაურეს კომპენსაცია, ბოლოს კი იმაზე მეტი თანხა გადაუხადეს, ვიდრე გადაიხდიდნენ პროცესის სწორად წარმართვის დროს“, – განაცხადა გიორგი მამრიკიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში, რომელიც მერიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვასა და განკარგვას შეეხება, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის მიწის გადაცემის საკითხიც მოხვდა.

ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული იმ ფაქტზე, რომ კონკრეტულ აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „ბი ეს არ – სი დი ჯი დეველოპმენტმა“ მიიღო, რასთან დაკავშირებითაც გარკვეული ეჭვია გამოთქმული. კერძოდ, აუდიტის სამსახურის აზრით, „არსებობს რისკი, რომ უკონკურენტო გარემოს ხელი შეუწყო აუქციონის პირობამ, რომლის მიხედვით აუცილებელი მოთხოვნა იყო მომიჯნავე საკადასტრო ერთეულთან გაერთიანება. შედეგად, აუქციონში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა და მერიამ დაკარგა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა“.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რადგან აუქციონი შემზღუდავი პირობით იყო გამოცხადებული, შედეგად ფარცხალაძის კომპანიისთვის აუქციონში დაწესებული საწყისი ფასის განსაზღვრა საბაზროზე ნაკლები ღირებულებით მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები