„რაც შეეხება უშუალოდ თანხის ბანკიდან გატანის მომენტს 2016 წლის აპრილის თვეში, აბსოლუტურად ვერ ვხვდები, რა არის ამაში ან სკანდალური ან უკანონო, “- ამის შესახებ ლევან ყიფიანი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს. ჩვენებას პროკურატურა ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, თანხის განაღდება ორ ეტაპად მოხდა. ყიფიანი ამბობს, რომ თავიდან „თიბისი ბანკის“ ოპერაციების მმართველი უარს აცხადებდა ამ ოდენობის თანხის ერთჯერადად გაცემაზე, თუმცა, საბოლოოდ პრობლემა აღარ შექმნიათ.
“ზოგადად, ოქუაშვილი იმ პერიოდში სულ ქეშით ოპერირებდა არა მარტო პირადი ხარჯებისთვის, არამედ ბიზნესში. მახსოვს, მცხეთაში რაღაცას აშენებდა და ქეშით აფინანსებდა ხარჯების დიდ ნაწილს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ „ომეგა“ ჯგუფში შემავალი კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში, შესაძლოა, მომხდარიყო მისი ბიუჯეტის სასარგებლოდ წარმართვა. ამავდროულად, იმ პერიოდისთვის „ომეგა ჯგუფს“ გააჩნდა დავალიანება სს „საქართველოს ბანკის“ წინაშე, რომელიც ითხოვდა სესხის დაფარვას, შესაბამისად, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების ანგარიშზე თანხის გამოჩენა საფუძველს მისცემდა სს „საქართველოს ბანკს“ დაეყადაღებინა ანგარიშები.
მოკლედ, 2016 წლის აპრილში, ლონდონში გამგზავრებამდე, ზაზა ოქუაშვილი შემხვდა ოფისში და მითხრა, რომ მას სჭირდებოდა თანხის ე.წ. გაქეშება“ და ვინაიდან თვითონ თბილისში არ იქნებოდა, მიმექცია ბიჭებისთვის ყურადღება, რათა პრობლემები არ შექმნოდათ. მითხრა აგრეთვე, რომ კომპანიის დირექტორებად ნიშნავდა „ომეგას“ ჩვეულებრივ თანამშრომლებს, ხაჩიშვილს და ფანქველაშვილს.
2016 წლის აპრილში, თარიღები ზუსტად არ მახსოვს, ორ ეტაპად მოხდა თანხის განაღდება, რომელიც მიიღო კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე ხაჩიშვილმა. კ.მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე სს „თიბისი ბანკის“ სათაო ოფისში მე, ნიკოლოზ ასანიძე და გიორგი ქურდაძე, დავით ფანქველაშვილი და ალექსანდრე ხაჩიშვილი მივედით. თავიდან „თიბისი ბანკის“ ოპერაციების მმართველი უარს აცხადებდა ამ ოდენობის თანხის ერთჯერადად გაცემაზე, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ზაზა უქუაშვილი და ზოგადად ჩვენი ჯგუფი იყო „თიბისი ბანკის“ კლიენტი, ბანკმა გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და სწრაფად გასცეს თანხა. „გაქეშებულ“ თანხებთან მე შეხება არ მქონია და ორივე შემთხვევაში ეს ფული, რამდენადაც მახსოვს, დაბრუნდა ოქუაშვილის კუთვნილ „ბე ემ ვე“-ს ცენტრში. ქეშის ტრანსპორტირების ორგანიზებაც ოქუაშვილმა მოახდინა (მანქანები და ასე შემდეგ), მაგრამ იმის გამო, რომ მე ფულს არ გავყოლილვარ, გადაჭრით ვერ გეტყვით, „ბე ემ ვე“-ში მიიტანეს მერე ეს თანხები, თუ მის რომელიმე სხვა ოფისში, მაგალითად „იბერიაში“ – ყვება ლევან ყიფიანი ჩვენებაში.
ამავე ჩვენების თანახმად, ყიფიანი ადასტურებს, რომ მას ბანკში მისვლამდე და ბანკში ყოფნისას კომუნიკაცია ჰქონდა ოთარ ფარცხალაძესთან, რომელსაც “თიბისი ბანკიდან” თანხის გამოტანაში დახმარება სთხოვა, ვინაიდან, როგორც ყიფიანი ჩვენებაში ამბობს, ოთარ ფარცხალაძე ბიზნესით იყო დაკავებული, შესაბამისად, საბანკო სექტორში ნაცნობები ჰყავდა. თუმცა, ამავე ჩვენებაში ყიფიანი აღნიშნავს, რომ საბოლოოდ მისი დახმარება საჭირო აღარ გახდა, რადგან ბანკმა თანხა გასცა.