LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაზიანება შეიძლება იყოს მექანიკური, დამწვრობის სახით და რაც მთავარია, იმ ქიმიური ნივთიერებების შესუნთქვით, რაც თან პიროტექნიკას ახლავს“ – ექიმი ტოქსიკოლოგის რჩევები მშობლებს პიროტექნიკის გამოყენებამდე

437
პიროტექნიკა

ახალ წლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და ბუნებრივია, მოქალაქეებმა სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე ზრუნვა უკვე დაიწყეს. სასურსათო პროდუქტებთან ერთად, კვლავ მნიშვნელოვნად იზრდება მოთხოვნა პიროტექნიკაზე, თუმცა, მიუხედავად სპეციალისტების არაერთი მოწოდებისა თუ გაფრთხილებისა, არ მიჰყიდონ პიროტექნიკა ბავშვებს, მისგან გამოწვეული ზიანი, განსაკურებით კი არასრულწლოვნებში, ყოველწლიურად მაინც სულ უფრო მასშტაბური ხდება. 

აუცილებლად აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით, პიროტექნიკის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა დასჯადია: ის, ვინც არასრულწლოვანს პიროტექნიკას მიჰყიდის 100 [ფიზიკური პირის შემთხვევაში] ან 200 ლარით [იურიდიული პირის შემთხვევაში] ჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა ორმაგდება. თუმცა, მიუხედავად კანონით გაწერილი ჯარიმებისა, ნათელია, რომ კანონი მხოლოდ ფურცელზე რჩება, რაკიღა თბილისის ქუჩებში და არამხოლოდ, მოზარდებზე პიროტექნიკის მიყიდვა კვლავ ხელმისაწვდომი და მარტივია.

ახალი წლის ფოიერვერკებით აღნიშვნისას ცოტა თუ ითვალისწინებს, რა ზიანის მოტანა შეუძლია პიროტექნიკის წესების გარეშე გამოყენებას. თავად მოქალაქეებისა და გარემოს ზიანის გარდა, მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში ისევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება მიუსაფარი ცხოველები, განსაკუთრებით კი დედაქალაქში, რომელთაც პიროტექნიკით გამოწვეული ხმაური შიშისგან პანიკაში აგდებთ, შედეგად კი უამრავ დაღუპულ ცხოველს, ფრინველსა და დაბინძურებულ გარემოს ვიღებთ.

ამდენად, ვიდრე ხანმოკლე ესთეტიკური სიამოვნებისთვის არჩევანს ფერად ფოიერვერკებზე გავაკეთებთ, კარგად უნდა გავიაზროთ, რამდენად დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ე.წ. „ასაფეთქებლებისგან“ გამოწვეულ რამდენიმეწუთიან სიხარულს, მით უფრო თუ მას ბავშვები და თანაც არასწორად იყენებენ.

სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ბავშვებს და არავითარ შემთხვევაში, არ მისცენ უფლება/შესაძლებლობა თავად შეიძინონ ე.წ „ასაფეთქებლები“ და მით უფრო, დამოუკიდებლად გამოიყენონ. ექიმების ნაწილის შეფასებით, სამწუხარო ფაქტია, თუმცა პიროტექნიკით გამოწვეული ზიანი ყოველწლიურად იზრდება.

 

 

4 მილიონამდე ღირებულების პიროტექნიკა 2023 წლის აღსანიშნავად

 

მიუხედავად ამ მოცემულობისა თუ წარსულში მიღებული გამოცდილებისა, 2022 წელს საქართველოში 5 მილიონ 816 ათას 200 დოლარის ღირებულების პიროტექნიკა შემოიტანეს. აქედან 3 მილიონ 99 ათას 900 დოლარის მხოლოდ ფოიერვერკია.

სტატისტიკაში ჯერ არ არის ასახული მიმდინარე თვის, დეკემბრის მონაცემები, როცა საახალწლო ფოიერვერკებსა და სხვა პიროტექნიკაზე მოთხოვნა ყველაზე მეტად იზრდება.

საქართველოში იმპორტირებულ პიროტექნიკაში შედის: მაშხალები, ფოიერვერკები, სასიგნალო რაკეტები, წვიმის რაკეტები, ნისლსაწინააღმდეგო სიგნალები და სხვა ნაწარმი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2017 წლიდან 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში სულ შემოტანილია 25,9 მილიონი დოლარის პიროტექნიკა.

სტატისტიკა წლების მიხედვით კი ასე გამოიყურება:

  • 2022 წელი [დეკემბრამდე] – 5 მლნ 816 ათასი აშშ დოლარი
  • 2021 წელი – 1 მლნ 844 ათასი აშშ დოლარი
  • 2020 წელი – 3 მლნ 554 ათასი აშშ დოლარი
  • 2019 წელი – 6 მლნ 305 ათასი აშშ დოლარი
  • 2018 წელი – 4 მლნ 383 ათასი აშშ დოლარი
  • 2017 წელი – 4 მლნ 021 ათასი აშშ დოლარი

 

 

რა შედეგებს იწვევს პიროტექნიკის არასწორად გამოყენება 

 

თბილისის სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჰიგიენისტი და ეკო-ტოქსიკოლოგი, მარინა გიორგობიანი „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, რომ სამწუხაროა, რომ ბოლო წლებში პიროტექნიკა ჩვენი ქვეყნის ჯანმრთელობის მდგომარეობას ძალიან დიდ ზიანს აყენებს და პირველ რიგში, ეს ბავშვებსა და მოზარდებს ეხებათ.

როგორც ექიმმა აღნიშნა, კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ მოზრდილები, რომლებიც წესით, ამ საფრთხეებში უნდა ერკვეოდნენ, რატომღაც პიროტექნიკის არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებულ საშიშროებასა და რისკებს უგულებელყოფენ.

„მეტიც, ისეთი პიროტექნიკის გამოყენების წესებს უგულებელყოფენ, რომელსაც არანაირი შემოწმება არ აქვს გავლილი – ბაზარზე წარმოუდგენლად ნაირგვარი პიროტექნიკაა შემოტანილი, თანაც ისეთი ქვეყნებიდან, სადაც ამის კონტროლი არანაირად არ ხდება და სამწუხაროდ, არც ჩვენთან კონტროლდება.

ვერ გეტყვით, კანონი არასრულწლოვანთათვის მიყიდვის შემთხვევაში, როგორ მუშაობს, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ სამწუხაროდ, ყოველ წელს ძალიან ბევრი შემთხვევაა. ფაქტია, რომ ზეიმი, რომელიც ახალი წლის დადგომას თან ახლავს, ხშირად სავალალო შედეგებით სრულდება“, – განუცხადა „ფორტუნას“ მარინა გიორგობიანმა.

 

 

ექიმის რჩევები მშობლებს

 

ზემოთჩამოთვლილი რისკებისა და საფთხეების გათვალისწინებით, ექიმი მშობლებს ურჩევს, არავითარ შემთხვევაში არ მისცენ ბავშვებს საშუალება, თავად შეიძინონ და მით უფრო, გამოიყენონ პიროტექნიკა. მარინა გიორგობიანის თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა აქვს ე.წ ასაფეთქებლების სწორად მოხმარებას, რამაც შესაძლოა მოზარდებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს.

„ჩემი, როგორც ექიმის, ჰიგიენისტის და განსაკუთრებით, როგორც ეკო-ტოქსიკოლოგის რჩევაა და ეს რჩევა ყველას ეხება, ვინც ახლა კითხულობს – პატარებს, მოზარდებს, მშობლებს: არავითარ შემთხვევაში არ უყიდოთ ბავშვებს პიროტექნიკა და მით უმეტეს, არასწორად არ ააფეთქოთ!

რა თქმა უნდა, აკრძალვა აბსურდი იქნება, დღესასწაულს – ახალი წელი იქნება ეს, ახალი სიცოცხლის დაბადება თუ სხვა სასიხარულო ამბავი, ფოიერვერკი ყველაფერს უხდება, აქ საუბარია იმაზე თუ, როგორ, სად და ვინ გამოიყენებს ამას“, – გვითხრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა.

 

 

წესები და უსაფრთხოების ზომები

 

როგორც ექიმმა გვითხრა, მნიშვნელოვანია სწორად დავიცვათ უსაფრთხოების ზომები, იმისთვის, რომ თავი ავირიდოთ, როგორც თვითდაზიანებისგან, ისე გარემოს ზიანისგან. ეკო-ტოქსიკოლოგი ამბობს, რომ არსებობს ისეთი პიროტექნიკა, რომელიც ფაქტობრივად, მხოლოდ მიწაზე უნდა იყოს, რადგან ასეთ შემთხვევაში, ხანძრის გაჩენის საშიშროება ნაკლებია.

„უნდა იყოს მიწაზე, აუცილებლად მოშორებით და არა აივნიდან და ფანჯრიდან, დისტანცია 3-იდან [მინიმალური] 6-მეტრამდე მაინც უნდა იყოს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღეს, განსაკუთრებით თბილისში, შენობები, კორპუსები იმდენად ახლოა ერთმანეთთან, რომ ფანჯრიდან გასროლილი პიროტექნიკა შეიძლება სხვისთვისაც სერიოზული დაზიანებების მიზეზი გახდეს. არავითარ შემთხვევაში, ბავშვის ხელში, არანაირი პიროტექნიკის, თუნდაც ძალიან ძვირადღირებულისა და შემოწმებულის დაკავება, არ შეიძლება.

ჯერ ერთი, რომ დაზღვეული არავინაა და მეორე – ამ დროს, ბავშვის ქმედებები ჩამოყალიბებული ჯერ კიდევ არ არის, შესაბამისად, დაზიანება შეიძლება იყოს მექანიკური, დამწვრობის სახით და რაც მთავარია, იმ ქიმიური ნივთიერებების შესუნთქვით, რაც თან პიროტექნიკას ახლავს, შესაძლოა ძალიან მძიმე ინტოქსიკაცია მოჰყვეს.

ამდენად, არც პატარა, არც საშუალო და მით უფრო, დიდი ზომის – არანაირი პიროტექნიკა ბავშვის ხელში არ უნდა მოხვდეს. მოზრდილებმა კი აუცილებლად უნდა დაიცვან წესები, როგორ მოიხმარონ სწორად“, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მარინა გიორგობიანმა.

 

 

შემთხვევები გასულ წლებში

 

ექიმს ასევე ვთხოვეთ, მეტი თვალსაჩინოებისთვის, გასულ წლებში მომხდარი შემთხვევების გახსენება – მარინა გიორგობიანმა აღნიშნა, რომ გარდა მძიმე შემთხვევისა, უფრო მეტად ხშირია დამწვრობის შედეგად მიღებული დაზიანებები. ამასთან, მედიკოსის თქმით, პიროტექნიკით გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები საკმაოდ, სერიოზული ზიანის მომტანი კონცენტრაციისაა, რაც ასევე ინტოქსიკაციის მიზეზი გამხდარა.

„გასულ წლებში იყო რამდენიმე ძალიან სამწუხარო შემთხვევა, როცა პატარა ბავშვებმა კიდურები დაკარგეს. ასეთი შემთხვევები საკმაოდ ბევრია, თუმცა 3-4 დანამდვილებით შემიძლია დაგიდასტუროთ. რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დამწვრობა კიდევ უფრო ხშირია, ხოლო პიროტექნიკით გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები საკმაოდ სერიოზული ზიანის მომტანი კონცენტრაციისაა.

ეს კონცენტრაცია კი განსაკუთრებით საშიშია პატარებისთვის, რადგან მათი ორგანიზმს დაცვის მექანიზმი, ადაპტაციის უნარი არც ცენტრალურ ნერვულ სისტემას აქვს და არც სასუნთქ სისტემას, განსაკუთრებით კი ლორწოვანი გარსი ზიანდება.

მოზარდებში კი არა, სამწუხაროდ, მოზრდილებშიც ძალიან დიდია დაზიანების რისკები, აქედან გამომდინარე, ალბათ, მშობლებიც უნდა გაფრთხილდნენ.“ – დასძინა „ფორტუნასთან“ საუბრისას მარინა გიორგობიანმა.

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები