FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, 3,3 %-ით შემცირდა. იმავდროულად, 2017 წლის ფასების საშუალო-წლიური მაჩვენებელი 8,2 %-ით აღემატება 2016 წლის შესაბამის მონაცემებს.
დღეს გამოქვეყნებული FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის მიხედვით, სურსათზე გლობალური ფასები დეკემბერში შემცირდა. რაც ძირითადად განაპირობა მცენარეულ ზეთზე და რძის პროდუქტებზე ფასების მკვეთრმა შემცირებამ.
FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი ასახავს საერთაშორისო ფასების ყოველთვიურ ცვლილებებს სამომხმარებლო კალათის ძირითად პროდუქტებზე (მარცვლეული, შაქარი, მცენარეული ზეთი, ხორცი და რძის პროდუქტები). ინდექსმა დეკემბერში 169,8 პუნქტი შეადგინა, რაც ნოემბრის მაჩვენებელზე 3,3 %-ით ნაკლებია. მიუხედავად წლის მიწურულს ფასების შემცირებისა, საშუალო-წლიური ინდექსი 2017 წელს 8,2 %-ით გაიზარდა და 174,6 პუნქტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი რეკორდულია 2014 წლის შემდეგ.
რძის პროდუქტების ფასის ინდექსი დეკემბერში 9,7 %-ით შემცირდა. საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტის დიდმა მოცულობებმა და შედარებით დაბალმა მოთხოვნამ განაპირობეს ფასების ვარდნა მოუხდელ და უცხიმო რძის ფხვნილზე, ისევე როგორც ყველზე და კარაქზე. ამავე დროს, რძის პროდუქტების საშუალო-წლიური ფასები 2017 წელს 31,5%-ით გაიზარდა.
მცენარეული ზეთის ფასის ინდექსი ნოემბრის შემდეგ 5,6 %-ით შემცირდა. შესაბამისი მარაგების ზრდის პირობებში, მალაიზიასა და ინდონეზიაში, პალმის ზეთის ფასები დაეცა. აღნიშნული ვითარება, თავის მხრივ, დაღმავალ ზეწოლას ახდენდა სოიოს ზეთის ფასებზე. მცენარეული ზეთის საშუალო -წლიური ინდექსი 2017 წელს 3%-ით გაიზარდა.
შაქრის ფასის ინდექსი ნოემბერთან შედარებით 4,1 %-ით შემცირდა. კლება ძირითადად გამოწვეული იყო სეზონური ფაქტორებით და ჭარბი მარაგების მოლოდინებით მიმდინარე წლისათვის. 2016 წლთან შედარებით შაქრის საშუალო წლიური ფასები 11,2 %-ით შემცირდა, რაც ძირითადად ბრაზილიაში (უმსხვილესი მწარმოებელი) მაღალმა მოსავლიანობამ განაპირობა.
მარცვლეულის ფასის ინდექსი დეკემბერში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და ზედიზედ 3 თვე სტაბილურობას ინარჩუნებს. ხორბლის გლობალური ფასების შემცირება სიმინდისა და ბრინჯის ფასების ზრდით დაკომპენსირდა. მარცვლეულის ფასების საშუალო-წლიური ინდექსი 3,2%-ით მეტია 2016 წელთან შედარებით, თუმცა 37%-ით ჩამორჩება 2011 წლის რეკორდულ მაჩვენებელს.
ხორცის ფასის ინდექსი ოდნავ შემცირდა. საქონლის ხორცის მიწოდება დაღმავალ ზეწოლას ახდენდა შესაბამის ფასებზე. რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2016 წელთან შედარებით ხორცის ფასების 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.