LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფაიზერისა” და “ასტრაზენეკას” ვაქცინას, როგორც უსაფრთხოების, ისე ეფექტის მხრივ, ერთ დონეზე დავაყენებდი: თენგიზ ცერცვაძე

75
თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე “ფაიზერისა” და “ასტრაზენეკას” ვაქცინებს შორის განსხვავებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, როგორც უსაფრთხოების, გვერდითი მოვლენების შესაძლო სიხშირის, ასევე ეფექტის მხრივ ის “ფაიზერისა” და “ასტრაზენეკას” ვაქცინას ერთ დონეზე დააყენებდა.

ცერცვაძის განმარტებით, არ უნდა იყოს ისეთი მოლოდინი, რომ ვაქცინირებული ადამიანი გარანტირებულია და მისი ინფიცირება არ მოხდება.

მე ერთ დონეზე დავაყენებდი „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, როგორც უსაფრთხოების, გვერდითი მოვლენების შესაძლო სიხშირის, ისე ეფექტის მხრივ. ვაქცინა ყველაზე მეტად ამცირებს მძიმე შემთხვევებს, კრიტიკულ შემთხვევებს, სიკვდილობას და შემდეგ, სიმპტომურ ინფექციებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

კითხვაზე, წარმოადგენს თუ არა ვაქცინაცია საფრთხეს იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც შესაძლოა, კოვიდ ინფექცია გადაიტანეს, მაგრამ ამის შესახებ არ იციან, რადგან მათ შემთხვევაში პროცესი უსიმპტომოდ წარიმართა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ვაქცინაცია ამ შემთხვევაში არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს.

„კატეგორიულად არა. ვინც იცის, რომ ინფექცია გადაიტანა, მწვავე პერიოდის გასვლის შემდეგ ვაქცინაცია მათთვისაც დასაშვებია და შესაბამისად, დასაშვებია მათთვის, ვინც ისე გადაიტანა, რომ არც იციან, ვინაიდან უსიმპტომო პერიოდი ჰქონდათ და მწვავე პერიოდი არც ჰქონიათ. მათთვის ვაქცინაცია არანაირ წინააღმდეგ ჩვენებას არ წარმოადგენს. ეს რომ ასე არ იყოს, მსოფლიოში გაცილებით სხვანაირი კონტროლი იქნებოდა. იცით, რამდენი ადამიანია, ვინც გადაიტანა და არ იცის?! ასეთი ძალიან ბევრია, ორჯერ და სამჯერ მეტი და ამ ხალხს სპორტულ მოედნებზე, სტადიონებზე, სპორტ-დარბაზებში და მარკეტებში რომ ცრიან, ასე ხომ არ იქნებოდა?!“, – განაცხადა ცერცვაძემ “პირველ არხთან” საუბრისას.

რაც შეეხება კითხვას, არსებობს თუ არა რამე მედიკამენტი, რომლის მიღებისგანაც ვაქცინაციამდე ერთი, ან ორი დღით ადრე თავი უნდა შევიკავოთ, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ასეთი მედიკამენტი პრაქტიკულად, არ არსებობს.