LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფადი ასლი უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვას ემხრობა: რას წერს ბიზნესმენი?

111

სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით ბიზნესმენი ფადი ასლი განცხადებას ავრცელებს. საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ამბობს, რომ მიწის გასხვისების აკრძალვას უცხოელებზე მხარს უჭერს.

„რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ზოგიერთისთვის, პირადად მე მხარს ვუჭერ მიწის გასხვისების აკრძალვას უცხოელებზე“, – წერს საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე ფადი ასლი. მისი თქმით, უცხოელებს, რომლებიც სერიოზულად არიან დაინტერესებული სოფლის მეურნეობით, შეუძლიათ მიწის გრძელვადიანი იჯარით აღება. აკრძალვა გზას მოუჭრის მათ ვისაც მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციური მიზნით სურს მიწის შეძენა.

”საქართველო ძალიან პატარაა იმისთვის, რომ მოექცეს ძალიან მდიდარი უცხოელი ინვესტორების მფლობელობაში… სამწუხაროდ! მე ასევე მჯერა, რომ სასოფლო სამეურნეო მიწის გამონაკლის შემთხვევებში გასხვისების შესაძლებლობა კარს გაუღებს კორუფციულ გარიგებებს. ასევე, არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ეს აკრძალვა სერიოზულ გავლენას იქონიებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. საქართველო არ არის აგრარული ქვეყანა და შესაბამისად ყველა იმ უცხოელი ინვესტორისგან ვინც დაინტერესდება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით, ძალიან მცირე ნაწილი დაინტერესდება სოფლის მეურნეობით”, – წერს ფადი ასლი.

შეგახსენებთ, გუშინ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწები უნდა იყოს ქართველების საკუთრებაში.

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიწა არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, საქართველო არის პატარა ქვეყანა და სასოფლო-სამეურნეო მიწები უნდა იყოს ქართველების საკუთრებაში, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. ამ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება იყოს ისეთი დიდი საერთაშორისო კომპანიები, როგორიცაა თხილის ბიზნესის კომპანია “როშე” და სხვა. ეს ინვესტიციების შემოსვლას ნამდვილად არ შეუშლის ხელს. აქ საუბარია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე, რომელზეც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდანაც არის მოთხოვნა, რადგან სახელმწიფო პროგრამებია და მას გამოიყენებს ადგილობრივი ბიზნესი“, – აღნიშნა კალაძემ.

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა განმარტა, ეს არის არა მარტო მისი და პრემიერ-მინისტრის, არამედ მთელი გუნდის პოზიცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები