Atlanta Journal Constitution-ის ბლოგში გამოქვეყნდა სტატია: “დაიბრუნონ თუ არა “ქორებმა” ფაჩულია”.
“ჰოუკსს” ესაჭიროება ცენტრფორვარდი, ზაზა ფაჩულიას სჭირდება ახალი გუნდი. მაშ, შეიძლება მათი ისევ გაერთიანება?
1-ელ ივლისს “ჰოუკსს” მხოლოდ ერთი ცენტრი ეყოლება და ისიც მაილს პლამპი, ზაზა ფაჩულია კი თავისუფალი აგენტი იქნება. ფაჩულია, რომელმაც ახლახან “უორიორსთან” ერთად ჩემპიონის ბეჭედი მოიპოვა, 2005-13 წლებში “ატლანტაში” თამაშობდა და ფანების ფავორიტიც იყო.
არ გვაქვს რაიმე ინფორმაცია, რომ ასეთი გარიგება შეიძლება მოხდეს, მაგრამ NBA-ს სამ ექსპერტს ვესაუბრეთ და ყველამ განაცხადა, რომ მათ არ გაუკვირდებათ, თუ ზაზა ატლანტაში დაბრუნდება.
ფაჩულია აქედან 2013 წელს გადავიდა “მილუოკიში”, როგორც თავისუფალი აგენტი. იქ ორი სეზონი გაატარა, შემდეგ იყო “დალასი” და “გოლდენ სტეიტი”. გასულ სეზონში ის საშუალოდ 18 წუთში 6,1 ქულასა და 5,9 მოხსნას აკეთებდა. და რაც მთავარია, ზაზას კვლავ აქვს სახლი ატლანტაში (ფოტოებზე სწორედ ზაზას სახლია).
“ჰოუკსის” გენერალური მენეჯერი ტრევის შლენკი ახლახან გადმოვიდა “გოლდენ სტეიტიდან”. ის კარგად იცნობს ზაზას.
“ჰოუკსს” ბევრი არჩევანი აქვს თავისუფალ აგენტთა ბაზარზე. მაიკ მუსკალა თავისუფალი აგენტი ხდება და ის შეიძლება დარჩეს გუნდში. ლიგაში ისეთი ცენტრები არიან ხელმისაწვდომნი, როგორებიც გრეგ მონრო, დუეინ დედმონი, ნენე, ჯაველ მაკგი, ენდრიუ ბოგუტი და სხვები არიან.
არსებობს კიდევ ტრეიდის ვარიანტიც. მაშ, რას ფიქრობენ “ატლანტას” ფანები – შეეცადოს “ჰოუკსი” და დააბრუნოს ზაზა ფაჩულია გუნდში?
გაზეთი „ლელო“