LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook-პოსტის გამო ზუკა ბერძენიშვილი სუს-ში დაიბარეს

750
Untitled design (6)

სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი აცხადებს, რომ “ფეისბუქ-სტატუსის” გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ამის შესახებ ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში თავად წერს:

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიიღო ჩემი მოწვევა, შეხვედრა დავუნიშნე ხვალ 12:00 საათზე, მოდულის შენობაში”, – წერს ბერძენიშვილი.

სტატუსი, რომლის გამოც ბერძენიშვილის თქმით, ის სუსში დაიბარეს, აქტივისტმა 14 აპრილს გამოაქვეყნა:

“მე, ზურაბ ბერძენიშვილი, დაბადებული ქალაქ ბათუმში, 1991 წლის 3 ივლისს, გეუბნებით ღიად და საჯაროდ, რომ დღე და ღამე ვფიქრობ იმაზე, როგორ გადაგატრიალოთ და თქვენი ბუნდღა ვეღარ ვნახო მეორედ არა მხოლოდ ძალაუფლების წყაროსთან, არამედ, საერთოდ, ამ ქვეყნის საჯარო სივრცის ვერცერთ კუთხე-კუნჭულში…

მეტსაც გეტყვით, არამხოლოდ ვფიქრობ, ამაზე ველაპარაკები ყველას და აგერ საჯაროდაც მოვუწოდებ ყველა მკითხველს, რომ მათაც მთელი დრო და ენერგია იმის მოფიქრებას დაუთმონ, თქვენ როგორ გადაგაგდოთ დაკავებული პოზიციებიდან და გაგებინოთ პასუხი ყველა საშინელებაზე, რაც ამ ქვეყანაში დაგიტრიალებიათ.

ამ ფიქრებში მთავარი და ყველაზე რთული დილემა ყოველთვის ის არის, როგორ ვქნათ, რომ მთავრობას, რომელიც საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად წავა ყველაფერზე, რომელსაც საკუთარ საზოგადოებასთან კონფრონტაციის გარდა არ გააჩნია არცერთი სასაუბრო ენა, რომელიც 20 ივნისს მოლაპარაკების მოლოდინში მყოფ დემონსტრანტებს ხმას უთიშავს და სუსის პროვოკაციებით ითრევს არეულობაში, რომ როგორმე გამოაცხოს სასტიკი სადამსჯელო ღონისძიების გამამართლებელი საფუძველი (რა ქენით ისე, გადაარქვით გავრილოვის ღამეს შტურმის ღამე? ), რომელიც ყოვლად უსინდისო ცესკოსთან მისულ ხელებაწეულ შვიდ ადამიანს ყინვაში ურტყამს წყლის ჭავლს და ატეხს ხელ-ფეხს, რომ როგორმე გადაგვაფსიხოს და გამოგვტყუოს სასტიკი სადამსჯელო ღონისძიების გამამართლებელი საფუძველი, რომელიც ყოველთვის, ქუჩაში შეკრებილ გაბრაზებულ ხალხს ასხამს ნავთს რომ როგორმე მოიგდოს ისინი რინგზე და განახორციელოს სასტიკი სადამსჯელო ღონისძიება, რომელსაც სასაცილოდ არ ჰყოფნის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ბედნიერებაზე და თავისუფლებაზე აღარაფერს ვიტყვი მოდი – აი ეგეთ სულგამომპალ ნაძირალებს როგორ … ამ ქვეყნის სადავეებიდან და მოგიწყოთ სწორედაც სასტიკი სადამსჯელო ღონისძიება ისე, რომ ერთი მხრივ აღარც თქვენ დაგაჩაგვრინოთ და დაგასახიჩრებინოთ არავინ, და მეორე მხრივ, მომავალში თავში აღარავის მოუვიდეს აზრად, აქაოდა მთავრობაში ვარ და მოდი ხალხს დავჩაგრავო.

ხართ რა ჩვეულებრივი ტერორისტები, გვმართებს ორმაგი სიფრთხილე, რომ თქვენი სამუდამოდ გაგდების ისეთი ფორმა მოვიფიქროთ, რომ აღარცერთი ადამიანი გაგაუბედურებინოთ. თორემ თქვენ უკვე დიდი ხანია იმას იმსახურებთ, რომ მინიმუმ ამ ჯოჯოხეთის მმართველ რგოლებს, არცერთი ძვალი ტანში მთელი არ დაგიტოვოთ…

თორემ როგორ გგონიათ, თემირლან მაჩალიკაშვილის, ია კერზაიას, ლევან აბზიანიძის, დემურ სტურუას, ლუკა სირაძის, ლექსო ლაშქარავას, ნუგზარ ფუტკარაძის და დანარჩენების დაკარგული სიცოცხლეების ფონზე რომ მათთვის სამართლის პოვნა მაინც გადავწყვიტოთ ნებისმიერი ფორმით, ყველა ამათი მკვლელი რომ ახლაც გარეთ გყავთ, ვერ შევიკრიბებით იმდენი ადამიანი, რომ სპეცრაზმიანად დაგლეწოთ, თუ ამაზე წავალთ?!

აი ამ და სხვა შეკითხვებით, მითხარით, როდის გეწვიოთ გამოკითხვაზე ძვირფასო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ვინ ვის გამოჰკითხავს, მოდი ეგ დავტოვოთ ამ ეტაპზე ღიად, ვერც კი წარმოიდგენთ ახლოდან რამდენად მეტი მაქვს სათქმელი.

ტელეფონის ნომერი კი გაქვთ ჩემი და მთელი ჩემი სანათესაოსი და გელით”, – დაწერა ბერძენიშვილმა.

“ფორტუნას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ ზუკა ბერძენიშვილი უწყებაში ერთ-ერთი საქმის ფარგლებში გამოკითხვაზე ნამდვილად არის დაბარებული.

უწყებაში მეტ დეტალებზე არ საუბრობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები