Facebook-მა მიმდინარე წელს 5,4 მილიარდი ყალბი ანგარიში დახურა. კომპანიის ინფორმაციით, მიუხედავად ტექნოლოგიური მიღწევებისა, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას დარეგისტრირებისთანავე ამოიცნოს ყალბი ანგარიშები, ამგვარი მომხმარებლების რაოდენობა მილიარდებს აღწევს.
სოციალური ქსელის განცხადებით, მათი ყოველთვიური მომხმარებლების თითქმის 5% ყალბ ანგარიშებს მოიცავს.
СNN-ის ცნობით, მსგავსი ზომები გამოხატავს იმ მასშტაბებს, თუ როგორ ემზადება სოციალური ქსელების გიგანტი ამერიკის შეერთებული შტატების 2020 წლის არჩევნებისთვის. ამ კონტექსტში ექსპერტები საუბრობენ იმ საფრთხეებზე, რასაც სოციალურ მედიაში ე.წ. ფეიქ ამბების გავრცელება იწვევს.
ცნობისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, განსაკუთრებით 2016 წლის აშშ-ში არჩევნების შემდეგ გააქტიურდა. მაშინ სახელმწიფო დაზვერვის სამსახურები ღიად საუბრობდნენ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ.
Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა ჯერ კიდევ ოქტომბერში განაცხადა, რომ რუსეთი, ირანი და ჩინეთი აშშ-ის მომავალ არჩევნებში ჩარევას ცდილობენ.