LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროსაბჭოს პრეზიდენტის – შარლ მიშელის ვიზიტის მთავარი გზავნილები

106
შარლ მიშელი

ევროპის საბჭოს პრეზიდეტი, შარლ მიშელის ვიზიტი საქართველოში კვლავ გრძლდება. დღეს კი ევროსაბჭოს პრეზიდენტი მთავრობის წევრებისა და პრეზიდენტის გარდა, ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც შეხვდა. ასევე იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთშიც. შარლ მიშელმა რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა და ფაქტობრივად, ევროკავშირის მკაფიო გზავნილები გამოკვეთა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი დღეს საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს

 პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე შარლ მიშელმა განაცხადა, რომ  ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს – ინტენსიურად იმუშაონ იმაზე, რომ მოხდეს სიტუაციის განეიტრალება. მისივე თქმით, საჭიროა მხარეების მიერ „პასუხისმგებლიანი მოქმედება“ და დიალოგი.

“ჩემი ვიზიტი არის პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც გამწვავებული კრიზისია. ეს რა თქმა უნდა, ძალიან აშფოთებს ევროკავშირსაც და მეც პირადად,” – განაცხადა მან.

მიშელი ქვეყანაში არსებულ პანდემიით გამოწვეულ პრობლემებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  ვაქცინაცია ამ მომენტში მთავარი გამოწვევაა. მისი თქმით, ევროკავშირის დახმარება ქვეყნისთვის უფრო დიდი და ფართოა, ვიდრე COVID 19-ით გამოწვეული პრობლემები.

ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველოს ვაქცინის დოზებზე წვდომა მალე ჰქონდეს: შარლ მიშელი

პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ კი, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მხარეებმა შეხვედრაზე მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევები, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს.

მნიშვნელოვანია, გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვისთვის: პრემიერი შარლ მიშელს შეხვდა

პრემიერთან ვიზიტის შემდგომ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა. ადგილზე მან ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ვითარება კომპლექსური და რთულია.

ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი ჯერ კიდევ სასტიკი რეალობაა მოქალაქეებისთვის: შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზთან

“სწორედ ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვუთხრა მათ, თქვენ მარტო არ ხართ, ევროკავშირი მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების ერთგულია,” – განაცხადა ხურვალეთში ჩასულმა შარლ მიშელმა.

მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია. ევროსაბჭოს პრეზიდენტის განცხადებით ძალზედ მნიშვნელოვანია, გაძლიერდეს კავშირები საქართველოსა და ევროპას შორის.

ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრამდე კი ევროსაბჭოს პრეზიდენტმა თქვა, რომ მას ექნება შესაძლებლობა, სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად, მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოს. მიშელის განცხადებით, ამის შემდგომ, ის ძალიან მნიშვნელოვან გზავნილს გააჟღერებს. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით კი, შარლ მიშელმა მათ ასევე კომპრომისზე წასვლა სთხოვა და ევროკავშირის მხრიდან “ქართულ ოცნებაზე” ზეწოლის გაძლიერდების პირობა მისცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები