საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებულ კანონპროექტებს, რომლებიც უცხოელების, მათ შორის იმ პირების მიმართ, ვინც საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, სასოფლო-სამეურნეო მიწების ფლობასთან დაკავშირებით შეზღუდვებს აწესებს.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ფლობა უცხოელებს ეზღუდებათ და კანონი მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისს უშვებს, როცა უცხოელი მას მემკვიდრეობით იღებს ან უკვე ფლობს ასეთ მიწებს საქართველოში, თუმცა, ისინი ვალდებული იქნებიან ეს მიწები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენონ, ამ ვალდებულების ზედიზედ 3 წლის განმავლობაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაეკისრებათ ფულადი სანქცია და მოუწევთ მიწის გასხვისება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიწა კომპენსაციის სანაცვლოდ გადავა სახელმწიფოს საკუთრებაში. თუმცა, ოთარ დანელიამ 13 მარტს, „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ მემკვიდრეობით მიღებული მიწის ფლობა მხოლოდ ეთნიკურად ქართველ უცხოეთის მოქალაქეს შეეძლება.
შეზღუდვები ვრცელდება იურიდიულ პირებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზეც. საქართველოში რეგისტრირებულმა იურიდიულ პირმა, რომლის დომინანტ პარტნიორს უცხოელი ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული კომპანია წარმოადგენს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საინვესტიციო გეგმა უნდა წარადგინოს, ხოლო საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობიდან 1 წლის ვადაში ვალდებული იქნება გაასხვისოს მიწის ნაკვეთი. კანონპროექტის თანახმად, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ვალდებულნი იქნებიან, საკუთრების წარმოშობიდან 2 წლის ვადაში გაასხვისონ მიწა.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწა ვერ დაიტვირთება იპოთეკით უცხოელი ფიზიკური ან/და იმ იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომლის 50% მეტის წილის მფლობელია უცხოელი.
კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით მსგავს შეზღუდვებს არ ითვალისწინებს. შეზღუდვები არ ექნებათ არც კომპანიებს, რომლის დომინანტ პარტნიორს უცხოელი ან საზღვარგარეთ რეგისტირირებული კომპანია არ წარმოადგენს.
როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება
სასოფლო სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნების მიდგომები არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მა შეისწავლა. საკუთრების უფლების ქსენოფობია, ასე ქვია დოკუმენტს, რომელიც ორგანიზაციამ საქართველოში მიწებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს მიუძღვნა.
დოკუმენტის თანახმად, ბელგია, გერმანია, მონაკო, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ჩეხეთი, ესტონეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდების სამეფო, ისლანდია, ავსტრია, ნორვეგია, პორტუგალია და შვედეთი ასეთ აკრძალვებს არ აწესებს. საფრანგეთში კი არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნის, არამედ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია შეიძინოს სასოფლო-სამეურნეო ტიპის საკუთრება. თუმცაღა, საფრანგეთის ფერმერთა ასოციაციას უპირატესი შესყიდვის უფლება გააჩნია.
გარკვეული ტიპის შეზღუდვები მოქმედებდა პოლონეთში, რომელიც ევროკავშირს 2004 წელს შეუერთდა და მოითხოვა შეღავათის დაწესება. შედეგად, პოლონეთს მიეცა უფლება მხოლოდ 2016 წლის 2 მაისამდე, შეენარჩუნებინა კანონმდებლობა, რომელიც აბსოლუტურ შეზღუდვებს უწესებდა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს.
“ფორტუნა” ესაუბრა ანა ჭიაბრიშვილს, რომელიც პოლიტიკის დოკუმენტის იმ ნაწილზე მუშაობდა, რომელიც უცხო ქვეყნების გამოცდილებას ეხება. ანა ამბობს, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მიწებთან დაკავშირებით აკრძალვებს ნაკლებად ვნახავთ.
„შეზღუდვები არის ნაწილ ქვეყნებში, მაგრამ აკრძალვას არ ვხვდებით. არის გარკვეული დათქმები, მაგალითად ის, რომ ჯერ ადგილობრივ ფერმერებს შესთავაზონ მიწა (საფრანგეთში). მსგავსი სახის შეზღუდვები, რაზეც საქართველოშია საუბარი, ძირითადად, პოსტსაბჭოთა სივრცეშია დარჩენილი. აქაც მიდგომა ერთიანი არ არის, ზოგან ეს კანონით არის რეგულირებული, ზოგან მთავრობის ნებართვით ხდება მიწის შეძენა. მაგალითად, ლატვიაში არის ასეთი შეზღუდვა, რომ სასოფლო სამეურნეო მიწის შესაძენად ლატვიური ენის ფლობაა საჭირო“, – ამბობს ანა ჭიაბრიშვილი.
რეგულაციების გავლენა ეკონომიკაზე
2017 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა (FDI) მხოლოდ $3.6 მილიონი შეადგინა. სოფლის მეურნეობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ასეთი მცირე 2007 წლის შემდეგ არ ყოფილა.
2017 წელს აგრარულ სექტორში ჩადებული ინვესტიციები მთლიანი FDI-ის 0.02%-ზე ნაკლებია.
სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციების ასეთი შემცირება სავარაუდოდ, უცხოელებისთვის მიწების მიყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსიტუციო ჩანაწერის გაჩენას უკავშირდება.
„საკონსტიტუციო ჩანაწერმა გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრ უცხოელ ინვესტორს დაუკარგა სურვილი საქართველოში ბიზნესის დაწყების. ის რომ ქართულ მიწაზე მოთხოვნა შემცირდება, ეს რა თქმა უნდა, გამოიწვევს ფასის შემცირებას მიწებზე გრძელვადიან პერსპექტივაში და ეს დააგდებს უძრავი ქონების ფასს, რაც არ იქნება კარგი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ბევრად მომგებიანი, როცა მიწა ღირს ძვირი, თუნდაც უცხოელისთვის, ვიდრე მდგომარეობა, როცა ეს მიწა არავის სჭირდება და რჩება დაუმუშავებელი. საინვესტიციო თვალსაზირისით აღსანიშნავია, რომ მსხვილმა ინვესტორმა, რომელსაც ვეუბნებით, რომ მიწას არ მოგყიდით და უნდა იქირაო, შესაძლოა, თავი აარიდოს აქ შემოსვლას. ასე რომ, ეს იყო პოპულისტური ნაბიჯი, რომელმაც ფსევდოპატრიოტული ძალების გული მოიგო და ეს რეალურად უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე“, – განაცხადა “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელმა, გიორგი კეპულაძემ.
რას ფიქრობენ არასამთავრობო სექტორში
ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებში“ მიაჩნიათ, რომ სასოფლო სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით შეზღუდვების დაწესება პოპულისტური ნაბიჯია.
„თავად პარლამენტარებმაც აღიარეს, რომ ამ რეგულაციებს ინვესტიციების კუთხით ნეგატიური ეფექტი ჰქონდა. უფრო ნაციონალისტური თუ ეროვნულობის ელფერის მქონე პოპულისტური გადაწყვეტილებებია. თუ გავიხსენებთ, როგორ დადგა საკითხი დღის წესრიგში, ვნახავთ, რომ ინიციატივა მოდიოდა ერთ-ერთი პარტიის მხრიდან, რომელიც მსგავს ინიციატივებს ხშირად აყენებს ხოლმე. ამდენად, მგონია, რომ ეს უფრო პოლიტიკური და პოპულისტური სენტიმენტების დაკმაყოფილებას ემსახურებოდა, ვიდრე რეგულაციების გააზრებულად შემოტანას“, – ამბობს მიხეილ ბენიძე.
რეგულაციების ნაწილს მიესალმებიან ფერმერთა ასოციაციაში, თუმცა, დისკრიმინაციაზეც მიუთითებენ. როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე „ფორტუნასთან“ ამბობს, მიუღებელია, მიწის დაუმუშავებლობისთვის ჯარიმდებოდეს მხოლოდ უცხოელი და ეს არ ვრცელდებოდეს საქართველოს მოქალაქეებზეც.
„სასოფლო სამეურნეო სავარგული არ შეიძლება იყოს დაუმუშავებელი. ჩვენი ამოცანა არის, რომ ყველამ თანაბრად გადაიხადოს თანხა, იმიტომ რომ ქვეყანაში პრობლემა არის დაუმუშავებელი მიწა და მასზე შექმნილი დოვლათი. რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ძალიან გამჭვირვალე უნდა იყოს სისტემა, როდის აძლევენ მათ მიწის ფლობის საშუალებას, იმიტომ რომ იყო ჩანაწერი, რომ მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ჩნდება კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა კრიტერიუმით უნდა შეფასდეს კვალიფიციური ინვესტორის ქვეყანაში შემოსვლა,“- აცხადებს ნინო ზამბახიძე.
ფერმერთა ასოციაციაში ამბობენ, რომ თუ სახელმწიფო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აკრძალვის დაწესების გზით მიდის, ასეთ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი გრძელვადიანი იჯარაა, რომელიც როგორც ამბობენ, თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს.
როგორ იყო აქამდე
სასოფლო სამეურნეო მიწასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულირება 1996 წლიდან არსებობს. კანონის თანახმად, მიწა საკუთრებაში გადაეცემა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს. სხვა პირებს მიწა მიეცემათ მხოლოდ იჯარით.
2007 წლიდან მიწის საკუთრების უფლება აქვს ყველას, თუმცა, უცხოელსა და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს მხოლოდ მემკვიდრეობით მიღებულ მიწაზე. უცხოელ აგრეთვე იმ მიწაზე, რომელსაც ფლობდა, როგორც საქართველოს მოქალაქე. თუმცა, 6 თვეში გასხვისების ვალდებულებით. აკრძალვა უცხოელთათვის საკუთრების/მემკვიდრეობის მიღების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლომ 2012 წელს გააუქმა.
2013 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელმაც უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა აუკრძალა. მაგრამ, იმავე წლის 17 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის მიღებული ახალი რეგულაცია, ავსტრიის მოქალაქემ გაასაჩივრა და პროცესი მოიგო.
საკონსტიტუციომ 2014 წლის 24 ივნისს პარლამენტის გადაწყვეტილება მიწის გასხვისების შეზღუდვაზე არაკონსტიტუციურად ცნო.
ამის შემდეგ მიწის საკითხი უკვე კონსტიტუციაში ჩნდება, სადაც ვკითხულობთ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები კი პარლამენტმა ორგანული კანონით უნდა დაადგინოს.