LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპისთვის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები სულერთი არ არის: ვიქტორ ყიფიანი

134
viqtor-yifiani-axali

გუშინ, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომა გაიმართა. რომელში მონაწილეობაც საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა მიიღეს.

ანალიტიკური ორგანიზაცია “ჯეოქეისის” თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა რადიო “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” იმ ძირითად გზავნილებზე ისაუბრა, რომელიც ამ შეხვედრიდან საქართველომ მიიღო.

​მისი განცხადებით, ევროპისთვის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები სულერთი არ არის, ამიტომ ისინი ჩვენს გვერდით დგანან. რაც შეეხება მთავარ გზავნილებს, ყიფიანი აცხადებს, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგების მოწოდებაა, პოლიტიკურმა დიალოგმა ინსტიტუტების ფორმატში, კონკრეტულად პარლამენტში გადაინაცვლოს.

“ეს არის მთავარი გზავნილი და ამ მიზნის მისაღწევად ევროპა მზად არის მაქსიმალურად დაიხარჯოს. ქართული რეფორმების მიმდინარეობის განმავლობაში, არამარტო ევროპა, თუნდაც დასავლეთი, იმდენად დაიხარჯა, როგორც ფინანსურად, ასევე ინტელექტუალურად, რომ მათთვის საქართველო მნიშვნელოვანია.

​საქართველო ევროპისათვის დღეს გაცილებით მეტია, ტერიტორიულ ეროვნული ერთეულით. ეს არის ევროპული ძალისხმევის შედეგიანობის ნიშნული და ამითაც შეიძლება აიხსნას, რომ ქართული პროცესის წარმატება ან წარუმატებლობა უშუალოდ აისახება ევროპულ იმიჯზე და რეპუტაციაზე ზოგადად რეგიონში”, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

კითხვაზე, რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმების მიღწევას და არსებობს თუ არა რაიმე სხვა მიზეზები, რასაც რეალური მოლაპარაკებების საგნად ორივე მხარე განიხილავს – ყიფიანი პასუხობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მთავარი უთანხმოების თემა, ვადამდელი არჩევნების საკითხს უკავშირდება.

“მიჭირს მოგინიშნოთ ის მიზეზები, რომლებიც ზედაპირზე არსებული მიზეზების მიღმაა. ალბათ უმთავრესი საკითხი, სადაც გადის უთანხმოება არის ვადამდელი არჩევნების ჩატარება/არ ჩატარების საკითხი. ეს არის ყველაზე მთავარი თემა, რაზეც მხარეები ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან. ამის მიღმა სხვა მიზეზზე ფიქრი, ალბათ ძალიან რთულია და შეიძლება სპეკულაციურიც იყოს.

ვადამდელი არჩევნების საკითხს სჭირდება დასაბუთება. სამართლებრივი კუთხით ჩვენ დასაბუთების წყარო ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ ვერ მოვიძიეთ. რაც ეხება პოლიტიკურ დასაბუთებას, ვფიქრობ ევროპაც ამ მხრივ ძალიან ფრთხილი არის, რომ ქართული პროცესი არ განვითარდეს რევოლუციურად.

სამართლებრივად ვერც ქვეყნის შიდა და გარე აუდიტორიამ ვერ დადო წონადი არგუმენტი, რომ დღეს ჩვენ ვადამდელ არჩევნებზე ვსაუბრობდეთ. ამის დასაბუთება და არგუმენტაცია ვერ მოხდა.

კარგი იქნება თუ ქართული პოლიტიკური სპექტრი უფრო მეტად, სწორი საარჩევნო გარემოს და სწორი მართლმსაჯულების ჩამოყალიბებით დაკავდება”, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა გადაცემა “დღის თემაში”.