LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის საუკეთესო გუნდი: 35 წელი დიდი გამარჯვებიდან

22

35 წლის წინათ, 1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფში, თბილისის “დინამომ” თასების მფლობელთა თასის ფინალში გდრ-ს წარმომადგენელი, იენის “კარლ ცაისი” 2:1 დაამარცხა.

ეს დღე ჩვენთან ყოველთვის აღინიშნება.
სხვათა შორის, იმ გათამაშებაში თბილისის “დინამო” შემთხვევით მოხვდა. ჩვენ საბჭოთა კავშირის თასი 1979 წელს მოვიგეთ, გათამაშებაში კი 1980 წლის გამარჯვებულს უნდა ეთამაშა.

იმ წელს ფინალში კიდევ ერთხელ გავედით. ფინალი კი, მოსკოვის ოლიმპიადის გამო, 9 აგვისტოს გაიმართა. თასების მფლობელთა თასის გათამაშების წილისყრა კი მაისის ბოლოს ჩატარდა და საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციამ მონაწილედ თასის წინა გამარჯვებული “დინამო” წარადგინა.
ისტორიული გამარჯვების დღეს, ტელერეპორტაჟისას, კოტე მახარაძემ ცნობილი ფრაზა თქვა:

“И вот финальный свисток извещает о том, что динамовцы Тбилиси в 1981 году завоевали Кубок кубков Европейских стран! Большая удача грузинских футболистов! Представляю, что сейчас творится в Тбилиси! Ликует столица Грузии, ликует вся наша страна!”

ამ ფრაზის გამო, დიუსელდორფიდან დაბრუნებული კოტე მახარაძე მოსკოვში, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში დაიბარეს:

მიზეზი სწორედ ეს სიტყვები ყოფილა – “Ликует столица Грузии”, რატომ ახსენე საქართველოს დედაქალაქი და არა საბჭოთა კავშირისო?!
თავად ნოდარ ახალკაცი შემდეგ ამბავს იხსენებდა:

”საბჭოთა ნაკრებმა მოსკოვის ოლიმპიადა რომ წააგო, ნაკრების მწვრთნელი ბესკოვი ორდენით დააჯილდოვეს, საზოგადოება “სპარტაკის” საიუბილეო დღეებშიც იგივე განმეორდა. ლობანოვსკიმ კიევის “დინამოთი” ევროპის თასების მფლობელთა თასი ორჯერ მოიპოვა და ორივე შემთხვევაში ორდენი ჩამოჰკიდეს.

მე კი, 16 მაისს, როცა გუნდთან ერთად დიუსელდორფიდან მოსკოვში დავბრუნდი, აეროპორტში “დინამოს” ცენტრალური საბჭოს თანამშრომელი ფედულოვი დამხვდა, ავტობუსში ასვლის წინ საბუთი გადმომცა და მთხოვა – თავისუფალ დროს გაეცანითო.

შეუძლოდ ვიყავი, ჩანთაში ჩავაგდე და მხოლოდ თბილისში ჩამოსულმა რომ გადავხედე, ჭეშმარიტი საბჭოთა სიურპრიზი დამხვდა. “დინამოს” ცენტრალური საბჭო საყვედურს მიცხადებდა – აქაოდა, დიუსელდორფში გუნდი “ადიდასის” ფორმით რატომ ათამაშეო.

ამ მოქმედებაში ნათლად გამოჩნდა იმპერიის მესვეურთა ის “სიხარული”, რომელიც ქართული ფეხბურთის გამარჯვებამ მოჰგვარათ. აი, ასეთი “მადლობა” მივიღე მაშინ იმპერიის მესვეურებისგან, მაგრამ სულაც არ მენაღვლებოდა – ჩემთვის მთავარი იყო ის დიდი სიყვარული, საქართველომ ჩვენ მიმართ რომ გამოამჟღავნა”.

თუმცა 1981 წლის თბილისის “დინამო” ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი რომ იყო, ცნობილი საფეხბურთო მოღვაწეების ძველი და ახალი კომენტარები მეტყველებს. თბილისის “დინამოს” ევროპის საუკეთესო გუნდად მიიჩნევდა სესარ ლუის მენოტი, 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონ არგენტინის მთავარი მწვრთნელი.

“ლივერპულის” შოტლანდიელი შემტევი გრემ საუნესი “ფრანს ფუტბოლთან” ამბობდა:

“ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, თბილისის “დინამო” დამამახსოვრდა. ამ გუნდმა ჩემზე გასაოცარი შთაბეჭდილება დატოვა”.

“იმ დროის ერთ-ერთი უძლიერეს გუნდთან დავმარცხდით, რომელიც თასების მფლობელთა თასის მაშინდელ გათამაშებაში ყველას სჯობდა. ინდივიდუალურად ძლიერ ფეხბურთელებს უძლიერესი მწვრთნელი ავარჯიშებდა”, – ამბობს ლოთარ კურბიუვაიტი, კომუნისტური გერმანიის ლეგენდარული ფეხბურთელი, დიუსელდორფის ფინალის მონაწილე.

 

აი, ასეთი გუნდი გვყავდა – თბილისის “დინამო”…

 

uniInc (1)

uniInc

50604ebb2ebd49dcb1d4a0881f6a7f58

12376105_915201031897726_2912487341085216207_n

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები