“ევროპის სახალხო პარტია” (EPP) ევროკავშირსა და პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს, საქართველოს მთავრობას კი მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ.
“იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ციხეში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქისა და თანამდებობის პირის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა და ადეკვატურ მკურნალობაზე უარის თქმა გრძელდება, სააპელაციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება პოლიტიკური ბრალდებების შესახებ “მთავარი არხის” მმართველი დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მხოლოდ აძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ რეგრესს და ქვეყანაში რუსეთის გავლენას, რომელიც გამოწვეულია ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობით და შემდგომში სახელმწიფოს ხელში ჩაგდებით”, – წერია რეზოლუციაში.
რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ წამოყენებული 12 რეკომენდაციის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან “აშკარა უგულებელყოფა” ჩანს.
“ევროპის სახალხო პარტია” მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა, ხოლო ევროკავშირსა და პარტნიორებს – დაუწესონ პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს.
“[EPP] მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეწყვიტოს მისი პოლიტიკური ოპონენტებისა და თავისუფალი მედიის პოლიტიკური დევნა – უზრუნველყოს ექს-პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ადეკვატური მკურნალობისთვის ჰუმანიტარული გადაყვანა სხვა ქვეყანაში და გაათავისუფლოს ციხიდან ტელეკომპანია “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია.
[EPP] მოუწოდებს ევროკავშირს და დემოკრატიულ პარტნიორებს დაუწესონ პერსონალური სანქციები ოლიგარქ ივანიშვილს მისი როლისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟში და საქართველოსა და რეგიონული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნისთვის”, – წერია რეზოლუციაში.