LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ნაწილი ლოკდაუნს უბრუნდება, უნდა დაწესდეს თუ არა დამატებითი შეზღუდვები საქართველოშიც

283
1

კოვიდპანდემიის 2 წლისთავზე ევროპის სხვადასხვა ქვეყანა საწყის ეტაპს უბრუნდება – რეგულაციებს ამკაცრებს და ლოკდაუნს აწესებს.

პანდემიის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, აქამდე გამოცდილ ზომებს კიდევ ერთი ემატება – სავალდებულო ვაქცინაცია, რომლის გადაწყვეტილებაც უკვე მიიღო რამდენიმე სახელმწიფომ.

ევროპის ქვეყნებში კოვიდრეგულაციების გადახედვა და გამკაცრება გამოიწვია როგორც ინფიცირებისა და გარდაცვალების  შემთხვევების დღიურმა მატებამ, ასევე ვაქცინაციისადმი ინტერესის შენელებამ, ეს ორი ფაქტორი კი, ჯანდაცვის ექსპერტების შეფასებით, უპირობო ურთიერთკავშირშია.

ფაქტია, ბევრმა ქვეყანამ, რომელიც შემოდგომისთვის მოსახლეობის 70-80 %-ის სრულად ვაქცინირებას აანონსებდა, სასურველ შედეგს ვერ მიაღწია.

ევროპაში არსებულ რთულ ეპიდვითარებას აფასებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაშიც.

ჯანმო-ს ექსპერტები ამბობენ, რომ წინ რთული ზამთარია და შესაძლოა, კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა ევროპის კონტინენტზე მარტამდე, 2 მილიონს გადააჭარბოს.

WHO-ს შეფასებით, კოვიდით გარდაცვლილთა ყოველდღიური რაოდენობა 4 200-მდე გაიზარდა, რაც, სექტემბრის ბოლოს მონაცემებთან შედარებით, ორჯერ მეტია.

როგორია ვითარება საქართველოში ევროპის ფონზე და იქნება თუ არა გამართლებული ახალი რეგულაციების დაწესება –  “ფორტუნასთან” ჯანდაცვის ექსპერტი საუბრობს, რომლის მოსაზრებასაც ქვემოთ გაეცნობით, მანამდე კი:

 

 

 

პანდემიის ორი წელი და ხელახალი ჩაკეტვის მოლოდინი – რა შეზღუდვები წესდება ევროპის ქვეყნებში

 

?  14 დღის წინ, ნიდერლანდები გახდა დასავლეთ ევროპის პირველი ქვეყანა, რომელმაც ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის გამო, ზაფხულის შემდეგ ნაწილობრივი კარანტინის კვლავ დაწესების შესახებ განაცხადა.

3-კვირიანი ნაწილობრივი კარანტინის ფარგლებში არ იხურება სკოლები, თეატრები და კინოთეატრები. ბარები და რესტორნები კი საღამოს 7 საათზე დაიხურება. ხელისუფლებამ დამსაქმებლებს მოუწოდა, თანამშრომლები შეძლებისდაგვარად გადაიყვანონ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

?  შემდეგი იყო ავსტრია, რომელმაც ასევე საგანგაშოდ გაზრდილი კოვიდშემთხვევების გამო, გარკვეულ პროვინციებში არავაქცინირებულებისთვის ლოკდაუნის ამოქმედება დააანონსა.

ამ ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, მკაცრი იყო თავად ავსტრიის კანცლერის, ალექსანდრე შალენბერგის განცხადებაც, რომელმაც თქვა, რომ არავაქცინირებულებისთვის ჩაკეტვა ალბათ გარდაუვალი იქნება, რადგან ადამიანების ორი მესამედი არ უნდა იტანჯოს იმის გამო, რომ სხვები აცრაზე ყოყმანობენ.

22 ნოემბრიდან ავსტრიაში უკვე სრული ლოკდაუნი გამოცხადდა. 

სამი კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით დაიხურა ბარები, რესტორნები, სილამაზის სალონები და მაღაზიები, სადაც აუცილებელი საჭიროების პროდუქცია არ იყიდება. მოსახლეობას სახლში დარჩენა ევალება, გარდა ისეთი გამონაკლისი შემთხვევებისა, როგორიც არის სამსახურში, საკვები პროდუქტების საყიდლად და სავარჯიშოდ წასვლა.

?  22 ნოემბრიდან არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვები გამკაცრდა ჩეხეთშიც.

Reuters-ის ინფორმაციით, ჩეხეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კოვიდვაქცინა არ აქვთ გაკეთებული, ეკრძალებათ პაბებში, რესტორნებსა და თეატრებში შესვლა და სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება.

?  ჩეხეთთან ერთად, მსგავს ზომებს მიმართავს სლოვაკეთიც – ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის სწორედ სლოვაკეთს აქვს ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – ორივე დოზით სრულად მოსახლეობის მხოლოდ 43.2 %-ია აცრილი.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი დანიასა და გერმანიაში მოგზაურობასთან დაკავშირებით გაფრთხილების უმაღლეს, მეოთხე დონეს გამოსცემს და შტატების მოქალაქეებს ამ ქვეყნებში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.

ხისტ განცხადებებსა და შემაშფოთებელ პროგნოზებს არ მოერიდა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანიც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ზამთრის ბოლომდე გერმანელების უმეტესობა აიცრება, გამოჯანმრთელდება ან დაიღუპება.

?  გუშინ კი, იმისათვის, რომ შემაშფოთებელი ეპიდემიური მდგომარეობა შეიცვალოს, გერმანიამ პანდმიასთან ბრძოლის მიზნით ახალი ზომები აამოქმედა. 

ახალი რეგულაციების მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას შეძლებს მხოლოდ ის, ვინც არის აცრილია, კოვიდგადატანილი, ან აქვს დადგენილი ვადით ტესტირების უარყოფითი პასუხი.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე შესაბამის დოკუმენტს ვერ წარადგენს, მას საზოგადოებრივ ტრანსპორტს დაატოვებინებენ.

გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც ინფიცირების შემთხვევები იზრდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში დაინფიცრდა 5 546 915 და გარდაიცვალა 100 481 ადამიანი.

?  კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვებს აწესებს იტალიაა. 

კოვიდშემთხვევების შემცირების მიზნით, 6 დეკემბრიდან რესტორნებსა და კინოთეატრებში შესვლისა და სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების უფლება მხოლოდ მათ ექნებათ, ვისაც ვაქცინაციის ან კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი საბუთი აქვთ.

ასევე, ვაქცინაცია სავალდებულო ხდება სკოლის თანამშრომლებისთვის, სამართალდამცველებისა და სამხედროებისთვის.

იტალიაში, ბოლო პერიოდში, ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა, – ქვეყანაში დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება და 100-მდე ადამიანი იღუპება.

 

 

ვაქცინაციის ტემპი, ინფიცირებისა და გარდაცვალების სტატისტიკა და დადებითობის დღიური მაჩვენებელი – საქართველო და პანდემია რიცხვებში

 

New York Times-ის 22 ნოემბრის მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე კოვიდ-19-ით გარდაცვალების მაჩვენებლით საქართველო პირველ ადგილზეა.

25 ნოემბრის მონაცემებით, ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში სულ ჩატარებულია 2 122 856 აცრა.

ვაქცინის ორი დოზა მიღებული აქვს 986 877 მოქალაქეს.

დადებითობის მაჩვენებლები ასე გამოიყურება – დღიური – 8,17%, ბოლო 14 დღის – 9,06%, ბოლო 7 დღის – 9,06%.

ბოლო 24 საათში, გარდაიცვალა 57 ადამიანი, დაინფიცირდა 4 331 პირი.

 

 

“ყოველდღიურად დამყარებული ანტირეკორდები პანდემიის მართვაში” – ექიმი ვახტანგ კალოიანი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე

 

“ევროპული საქართველოს” წევრმა, ექიმმა ვახტანგ კალოიანმა გუშინ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სავალდებულო ვაქცინაციისა და აქტიური საინფორმაციო კამპანიის გარეშე, ქვეყანას წინ მძიმე თვეები ელოდება და მთელი წელი, დიდი ადამიანური დანაკარგებით წრეზე სიარული მოუწევს.

მისი თქმით, პანდემიის მართვაში ყოველდღიურად მყარდება ანტირეკორდები და გარდაცვალების მაჩვენებლით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია.

 

 

კალოიანი აცხადებს, რომ გადასადგმელია მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მათ შორის – აუცილებელია ინტენსიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება, სავალდებულო ტესტირება ან სავალდებულო ვაქცინაცია მაღალ რისკ ჯგუფებში.

ვახტანგ კალოიანის თქმითვე,  აუცილებელია მობილური ჯგუფების მობილიზაცია, ვაქცინების მიტანა საზოგადოებასთან მაქსიმალურად ახლოს და მიზანმიმართული საგანმანათლებლო კამპანია.

 

არსებული რეგულაციების შესრულება, თუმცა არა კოვიდზომების გამკაცრება, სამკურნალო კოვიდმედიკამენტების ქვეყანაში შემოტანა და ე.წ. “მწვანე პასპორტების” სრულად ამოქმედება – რაში ხედავს გამოსავალს ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე

 

 

ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე “ფორტუნასთან” აცხადებს, რომ ევროპის რომელიმე ქვეყანასთან საქართველოს შედარება არარელევანტური და სასაცილოა.

ექსპერტი ამბობს, რომ არ არის არანაირი გამკაცრების მომხრე, ამის აზრს ვერ ხედავს და ჯერ ის რეგულაციები უნდა სრულდებოდეს, რაც დაწესებულია:

“თავს ნუ მოვიტყუებთ – როდესაც ევროპაში ამბობენ, რომ რაღაც უნდა გამკაცრდეს, იქ საუბარია, როდესაც, პირობითად, რამდენიმე ასეულით მოიმატებს შემთხვევები, იქ საუბარი არ არის ისეთ კატასტროფაზე, რაც ჩვენთან ხდება.

მსოფლიოს ფონზე საქართველოში კიდევ უფრო ცუდი ვითარებაა, რადგან პირველ ათეულში ვართ როგორც გარდაცვალებით, ასევე ახალი შემთხვევების რაოდენობით, მდგომარეობა სულ უფრო უარესდება.

საქართველოში გარკვეული ნაბიჯები, როგორიც არის ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია, ფულადი ანაზღაურება, მწვანე პასპორტები –  დაგვიანებულია და ეს უნდა გაკეთებულიყო, სულ მცირე, 6-7 თვის წინ, სამწუხაროდ არ გაკეთდა და რაც გაკეთდა, იგივე მწვანე პასპორტები, ძალიან პირობითად და ნაწილობრივ გაკეთდა, იმიტომ, რომ მწვანე პასპორტები უნდა მოითხოვებოდეს ყველა დაწესებულებაში, ისევე როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვაგან.

კოვიდრეგულაციების გამკაცრების აზრს ვერ ვხედავ, რადგან რაც არსებობს, ჯერ ის უნდა სრულდებოდეს.

ჯანდაცვის ექსპერტის შეფასებით, საქართველოს ჯერ საბაზისოც არ გაუკეთებია, ამიტომ ქვეყანამ სწორედ ბაზისურ საჭიროებებს უნდა მიხედოს:

“საერთოდ არ ვარ არანაირი გამკაცრების მომხრე.

ერთადერთი შვება იქნება ის, რომ წლის ბოლოდან და შემდეგი წლის დასაწყისში ბევრი სამკურნალო აბი გამოჩნდება, რაც მსოფლიოში გარდატეხას მოახდენს და აქაც უნდა ვიყოთ მოწინავეთა რიგებში, ხელისუფლება  უკვე უნდა აქტიურობდეს და გარკვეულ კონტრაქტებს განიხილავდეს, რომ ეს საშუალებებიც 8,9,10 თვის დაგვიანებით არ შემოვიდეს, როგორც ვაქცინებთან დაკავშირებით იყო.

მაქსიმალურად უნდა ვეძებოთ გზები – რისი გაკეთება შეიძლება, ცოტა მოიმატოს ვაქცინირებულთა რიცხვმა, სამკურნალო საშუალებები შემოვიდეს, შემზღუდავი ღონისძიებები – მათ შორის, მწვანე პასპორტები სრულად იყოს ამოქმედებული – ამაზე უნდა ვიზრუნოთ. მეტი პოზიტიური მოლოდინი, რომ 2,3 და 4 თვეში რაღაც გარდამტეხი მოხდება – არ მაქვს.” – აცხადებს სერგო ჩიხლაძე “ფორტუნასთან”.