სატვირთო ავტომობილების მწარმოებელმა ევროპულმა კომპანიებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მათ მიერ წარმოებულ ახალ ავტომობილებს შიდა წვის ძრავი აღარ ექნება და მხოლოდ ელექტრონული აგრეგატით იქნება დაკომპლექტებული. ხელშეკრულების მიხედვით, მხარეებს დანაპირების შესასრულებლად დრო 2040 წლამდე აქვთ, ანუ 10 წლით უფრო ნაკლები ვიდრე აქამდე მოისაზრებოდა.
შიდა წვის ძრავზე უარის თქმა შვიდმა კომპანიამ გადაწყვიტა და ისინი ევროპელ ავტომწარმოებელთა ასოციაციის წევრები არიან – Daimler, Scania, Man, Volvo, Daf, Iveco და Ford. ეს კომპანიები 2040 წლისთვის გამოუშვებენ სატვირთო ტექნიკას, რომელიც ელექტროძრავზე იმუშავებს.
გეგმის მიხედვით, მომავალი 20 წლის განმავლობაში ასეთი ძრავების შესაქმნელად დიდი რესურსი დაიხარჯება. მაგალითად, შვედური Scania ახალი ძრავების შესწავლას 50–დან 100 მილიონამდე დოლარს დაახარჯავს და კვლევებში რამდენიმე ინსტიტუტი იქნება ჩართული.
ეკოლოგიურ ტრანსპორტზე გადასვლის პროცესის დასაჩქარებლად, ევროპა საწვავზე გადასახადის გაზრდას გეგმავს. ექსპერტთა აზრით, ასეთი ზომა „მწვანე“ ტრანსპორტის წარმოებისკენ კიდევ უფრო მეტ კომპანიას უბიძგებს.
აღსანინიშნავია, რომ ზოგიერთმა ბრენდმა სატვირთოების ეკოლოგიურ ტრანსპორტზე გადაყვანა წინასწარ დაიწყო. მაგალითად, ბრიტანულმა Bentley–მ ტრანსპორტი ბიოდიზელზე, ანუ ნარჩენების გადამუშავებით მიღებულ საწვავზე გადაიყვანა. გარდა ამისა, კომპანიამ წარმოების პროცესის მოდერნიზაციაც დაიწყო და ქარხნებს მზისგან მიღებული ენერგიით ამუშავებს.