ქართულმა კომპანიამ ბრენდის „H&M” მკაცრი ტექნიკური და სოციალური აუდიტის გავლა შეძლო და დღეიდან ბრენდის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა, რაც ნიშნავს იმას რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, H&M-ის მაღაზიებში პროდუქცია იარლიყით MADE IN GEORGIA (დამზადებულია საქართველოში) გაიყიდება.
კომპანია წარმოადგენს ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილ საწარმოს. შპს „ემჯიემტექსი“ არის რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „Ottorose” შვილობილი კომპანია, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა: M&S, UMBRO, Comma და სხვა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, უახლესი ტექნოლოგიის საკერავ მანქანა-დანადგარების შეძენა შეძლო.
შპს „ემჯიემტექს“, რომელიც 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა, წლიურად 6 000 000 ლარის ტანსაცმელს აწარმოებს. საწარმოში 280 ადამიანია დასაქმებული. ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 3 მლნ ლარს შეადგენს. აღნიშნული საწარმო ქუთაისში, ზ. გამსახურდიას გამზ. #47 არის განთავსებული.