LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა პანდემიამდელ პერიოდს უბრუნდება – ქვეყნები, რომლებიც კოვიდშეზღუდვების გაუქმებას იწყებენ

10869
11

ნიდერლანდების შემდეგ ახლა უკვე შვეიცარია, გერმანია და ავსტრიაც კოვიდრეგულაციების გაუქმებას იწყებენ. 

ნიდერლანდებში თითქმის ყველა კოვიდშეზღუდვა უქმდება

ქვეყნების მთავრობების გადაწყვეტილებით, შვეიცარიაში კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების უმეტესობა რამდენიმე დღეში გაუქმდება, გერმანია და ავსტრია კი რეგულაციების უმეტესობის მოხსნას მარტში დაიწყებენ.

აღნიშნულ გეგმაზე გერმანიის ლიდერებმა გუშინ ისაუბრეს და თქვეს, რომ ქვეყანაში შეზღუდვების უმეტესი ნაწილი 20 მარტამდე მოიხსნება.

სამპუნქტიანი გეგმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ქვეყნის 16 შტატის გუბერნატორმა გუშინ დაამტკიცა. ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ წესების გაუქმება გერმანიაში კოვიდ-19-ის შემთხვევების კლებას უკავშირდება.

“პანდემიამ პიკს უკვე მიაღწია”, – თქვა შოლცმა და აღნიშნა, რომ შეზღუდვების გაუქმების მიუხედავად, კვლავ უცვლელი რჩება ნიღბის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება.

შემსუბუქება უნდა დაიწყოს ისეთი წესების გაუქმებით, რომლებიც მოქალაქეებს ვაქცინაციის ან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი საბუთის გარეშე მაღაზიებში შესვლას უკრძალავდა.

4 მარტიდან ასევე შემსუბუქდება ბარებსა და რესტორნებში შესვლის მოთხოვნები და საკმარისი იქნება უარყოფითი ტესტის დამადასტურებელი ცნობა.

ავსტრიის ხელისუფლების განცხადებით, 5 მარტიდან ქვეყანაში არსებული კოვიდშეზღუდვების უმეტესობა გაუქმდება.

შვეიცარია კი გეგმავს, შეზღუდვების უმეტესი ნაწილის გაუქმება მიმდინარე კვირიდან დაიწყოს.

შეგახსენებთ, რეგულაციების შემსუბუქებას იწყებს ნიდერლანდებიც – 25 თებერვლიდან ქვეყანაში თითქმის ყველა კოვიდშეზღუდვა გაუქმდება.