LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევრონიუს საქართველო” მაუწყებლობას იწყებს – როდის გავა არხი ეთერში

808
190918-DM5-3334aA (1)

2020 წლის მაისი, მაქსიმუმ სექტემბერი – ეს ის დროა, როცა “ევრონიუს საქართველო” მაუწყებლობას დაიწყებს. დღეს მის ოფიციალურ დაფუძნებასთან დაკავშირებით მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

ევრონიუსის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ პიტერსმა განაცხადა, რომ სწორედ ისინი უზრუნველყოფენ ქართული არხის მაუწყებლობის მკაცრ მიუკერძოებლობას. მისი თქმით, “ევრონიუსი” თავად დანიშნავს ახლადშექმნილი არხის მთავარ რედაქტორს, ასევე დააკომპლექტებს და გააკონტროლებს სარედაქციო საბჭოს. 

Euronews ქართულად - საერთაშორისო საინფორმაციო არხი საქართველოში მაუწყებლობას იწყებს

"ევრონიუს საქართველო" უცხოურთან ერთად ქართულ კონტენტსაც გამოიყენებს

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ახალი არხისთვის თანამშრომლების შერჩევა უახლოეს მომავალში დაიწყება. საერთო ჯამში ამ ეტაპზე დაახლოებით 50 ადამიანი დასაქმდება. მათ შერჩევაში, არხის გამართვაში კონსულტაციებს ლუსიან სარბი გაუწევს, რომელიც ადრე ევრონიუსის სარედაქციო დირექტორი იყო. ის “ევრონიუს საქართველოს” სტრატეგიულ მედია-კონსულტანტად დაინიშნა. 

სარბი აცხადებს, რომ ისინი იცნობენ ქართულ მედია ბაზარს, სატელევიზიო სივრცეს და პირობას დებენ, რომ “ევრონიუს საქართველო” ყველაზე დაბალანსებული არხი იქნება.

“ევრონიუსის” აღმასრულებელი დირექტორი კი აცხადებს, რომ ისინი მაქსიმალურად დაეხმარებიან “სილქნეტს” ხალი სატელევიზიო არხის შექმნაში,  საერთაშორისოს გარდა, ადგილობრივ ახალ ამბებსაც გააშუქებს.

ევრონიუს საქართველო იქნება დამოუკიდებელი არხი, რომელიც წარუდგენს მაყურებელს მიუკერძოებელ ინფორმაციას და გააშუქებს ყველა ხედვას, ევრონიუსის სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად. ამას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით და უზრუნველვყოფთ ყველანაირი სახის გარანტიას ამის აღსრულებისთვის”, – აცხადებს მაიკლ პიტერსი.

“ევრონიუსი” ევროპის წამყვანი საერთაშორისო ახალი ამბების არხია, რომელიც ყველგან, სადაც მაუწყებლობს, სანდო და დამოუკიდებელი მედიის იმიჯით სარგებლობს.

სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი კი აცხადებს, რომ ეს მარალი სტანდარტების ქართულენოვანი ევროპული არხი იქნება.

ჩვენ შევქმნით მაღალი ხარისხის პროდუქტს, რომელიც გაამდიდრებს ქართულ მედიასივრცეს. სატელევიზიო სტუდიების მომზადება მიმდინარეობს და მალევე დაიწყება კადრების აყვანის პროცესი. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ისევე, როგორც სარედაქციო პოლიტიკა,  საკადრო პოლიტიკაც სრულ შესაბამისობაში იქნება ევრონიუსის სტანდარტებთან. ევრონიუსის დახმარებით უზრუნველყვოფთ დაქირავებული პერსონალის  საფუძვლიან ტრენინგს”, – აცხადებს გიორგი რამიშვილი.