ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს – ამის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ, ევროკომისიის ანგარიშის თანახმად გახდა ცნობილი.
აღნიშნულზე ბრიუსელში, სულ ცოტა ხნის წინ დაწყებულ პრესკონფერენციაზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა და გამოვიდა რეკომენდაციით საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან საამისოდ ნაბიჯები ნამდვილად გადაიდგა.
„სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებას, ხელისუფლების მხრიდან ეს მისწრაფებები ნამდვილად უნდა იქნეს ყურადსაღები.
მათ უნდა დაიწყონ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და რა თქმა უნდა, უნდა ფოკუსირდნენ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც წარსულში გაიცა.
კომისია ნამდვილად ხაზს უსვამს, რომ საქართველოს შემთხვევაში, დადებითი ნაბიჯები გადაიდგა “. – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ინფორმაციისთვის, საბოლოო გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ, ერთიანი გადაწყვეტილებით, დეკემბერში უნდა მიიღოს.
ევროკომისიის შუალედურ ანგარიშში კი დღეს შეფასებული იყო იმ ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი, რომლებიც ბლოკში გაერთიანებისკენ ისწრაფვიან.
ეს ქვეყნებია: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე, განაცხადი გასული წლის წლის მარტის თვეში შეიტანეს.
უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საქართველომ ევროპული პერსპექტივა. სტატუსის მოსაპოვებლად ქვეყანას 12 რეკომენდაციის შესრულება დაევალა.