ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ახალი ვებგვერდი www.dcfta.gov.ge ამოქმედდა. საიტის ეკონომიკის სამინისტრომ წარადგინა.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ვებგვერდ – www.dcfta.gov.ge-ს მთავარ მიზანს წარმოადგენს DCFTA-ს შესახებ საზოგადოებისთვის პრაქტიკული და საკანონმდებლო სახის ინფორმაციის შეუფერხებლად მიწოდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
საინფორმაციო პორტალი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს უფლებამოსილ ორგანოებს წარუდგინონ შენიშვნები, ან წინადადებები DCFTA-ს ფარგლებში მისაღები ნორმატიული აქტების პროექტებზე.
“დღეს უკვე ყველა ხედავს იმ სიკეთეებს, რაც ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს მოაქვს: ეს არის ეკონომიკური სტაბილურობა და კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემო; მზარდი საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალი, ახალი ინიციატივები რეგიონალური და ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის; მზარდი ტურისტული პოტენციალი; გაუმჯობესებული და პროფესიული, კვალიფიციური კადრების ზრდაზე ორიენტირებული განათლების სისტემა. ყოველივე ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს როგორც მთავრობისგან, ისე საზოგადოების თითოეული წევრისგან. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ფასდაუდებელია ევროკავშირისა და სხვა დონორების დახმარება ყოვლისმომცველი რეფორმების გატარების პროცესში”, – აღნიშნა ვებგვერდის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.