LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირში თავშესაფარი გასულ წელს საქართველოს 26 ათასამდე მოქალაქემ ითხოვა – რომელ ქვეყნებს მიმართავენ

134
ემიგრაცია

2022 წელს ევროკავშირში [პირველადი განაცხადით] საქართველოს 25 935-მა მოქალაქემ ითხოვა თავშესაფარი. ინფორმაციას Eurostat ავრცელებს.

ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის სტატისტიკით საქართველო მსოფლიოს ათეულშია და უსწრებს მეზობელი ქვეყნებიდან სომხეთს, აზერბაიჯანს და რუსეთს.

საქართველოს ყველაზე მეტმა მოქალაქემ თავშესაფარი საფრანგეთში ითხოვა 8 905 განაცხადით, მეორე ადგილზეა გერმანია 7 965 განაცხადით, ხოლო მესამე ადგილს იტალია იკავებს – 3 240 პირველადი განაცხადით. მეოთხე და მეხუთე ადგილს ირლანდია და ბელგია იკავებენ 2705 და 840 განაცხადით.

“ყოველი მეხუთე მოქალაქე მომდევნო 12 თვის მანძილზე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს” – NDI

გასულ წელს საქართველოდან ევროკავშირში 28 797 განაცხადი შევიდა [იგულისხმება როგორც განმეორებითი, ისე პირველადი], მაშინ როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 14 970 იყო, რაც დაახლოებით 90%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) მონაცემებით, 2022 წელს ევროკავშირში თავშესაფარზე პირველადი განაცხადები წლიურად 64%-ით გაიზარდა და 881 200 შეადგინა. 2021 წელს ევროკავშირს თავშესაფრის მოთხოვნით 537 400-მა ადამიანმა მიმართა.

2022 წელს თავშესაფარზე ჯამში 966 000 განაცხადი [იგულისხმება როგორც პირველადი, ასევე განმეორებადი განაცხადები] შევიდა. წლიური ზრდა დაახლოებით 50%-ს შეადგენს და 2016 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, როცა ე.წ მიგრანტების კრიზისის გამო თავშესაფარი დაახლოებით 1.2 მლნ ადამიანმა მოითხოვა.

 

წყარო: BM.GE

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები