ევროკავშირის საბჭომ უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო – უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაცია ამის შესახებ საბჭოს ვებგვერდზე ვრცელდება.
მისია სახელწოდებით EUMAM Ukraine უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს და მისი მიზანია დაეხმაროს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას, რათა ეფექტურად ჩაატარონ სამხედრო ოპერაციები.
„რათა უკრაინამ დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ეფექტურად დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და მშვიდობიანი მოსახლეობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
EUMAM Ukraine-ს მისია უკრაინის შეიარაღებული ძალების ინდივიდუალურ, კოლექტიურ და სპეციალიზებულ მომზადებას უზრუნველყოფს. ის იმუშავებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე, ხოლო ოპერატიული შტაბი ბრიუსელში იქნება.
ინფორმაციის თანახმად, მისიის მეთაურად ვიცე-ადმირალი, სამხედრო დაგეგმვისა და ოპერაციების ძალების დირექტორი ჰერვე ბლეჟანი დაინიშნება.
მისიის მანდატი თავდაპირველად ორი წლით განისაზღვრება და მთლიანი ამ პერიოდის ხარჯი თითქმის 107 მილიონი ევრო იქნება.
ჯოზეფ ბორელი: მორალური, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთი ომს აგებს
„ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ, უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ ტრანშს და საწვრთნელ მისიას ეხება.“ – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.
ევროკავშირის საბჭომ ასევე გადაწყვიტა, ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის მიზნით დამატებით 500 მილიონი ევრო გამოყოს.
მეექვსე ტრანში, ევროკავშირის მთლიანი კონტრიბუცია უკრაინის ფონდში 3,1 მილიარდ ევრომდე იქნება.