LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრა მქონდა და შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა: ლევან იოსელიანი

55
ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრა ჰქონდა და მისი მხრიდან არანაირ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა. ის ასევე აცხადებს, რომ „პერსონალურ სანქციებზე მოლოდინის შექმნა, რომელიც მმართველ პარტიას აიძულებს დაუბრუნდეს 19 აპრილის შეთანხმებას, არარელევანტურია, რადგან ასეთი საუბრები ბევრჯერ ყოფილა და შედეგი არ დამდგარა“.

იოსელიანის განმარტებით, სანქციების საკითხზე მეტად მას ის აინტერესებს თუ რამდენად შესაძლებელი იქნება სასამართლო რეფორმაზე, ასევე პარლამენტს შიგნით ოპოზიციის როლის გაძლიერებაზე მსჯელობა გაგრძელდეს.

„უნდა ვისაუბროთ პარტნიორებთანაც და მმართველ პარტიასთანაც იმაზე, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევძლოთ ამ შეთანხმებასთან დაბრუნება. ყველა სხვა მოლოდინის შექმნა, რომელიც მმართველ პარტიას აიძულებს დაუბრუნდეს ამ შეთანხმებას, მათ შორის, პერსონალურ სანქციებზე საუბარი რელევანტურად არ მიმაჩნია, რადგან ასეთი საუბრები ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ შედეგი არ დამდგარა. არსებით საკითხებზე საუბარი მიმაჩნია სწორად. როცა სანქციებზეა საუბარი, ეს ვნებს ქვეყანას. კონკრეტულ ადამიანებს რა სანქციები დაედებათ, ეს მე ნაკლებად მადარდებს, მაგრამ თუ დაედება რაიმე ტიპის სანქცია ქვეყანას და ამის გამო დაზარალდებიან მოქალაქეები, ეს იქნება ჩემთვის ყველაზე სამწუხარო და მტკივნეული ამ ამბავში, მაგრამ მე გუშინ მქონდა შეხვედრა და ამ საკითხებზე იქ საუბარი არ ყოფილა. მე უფრო მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა დავბრუნდეთ მსჯელობაში იმ ნაწილზე, რომელსაც მიშელის შეთანხმება ითვალისწინებს. მაგალითად, შეგვიძლია თუ არა გავაგრძლოთ მსჯელობა სასამართლო რეფორმაზე, პარლამენტს შიგნით ოპოზიციის როლის გაძლიერებაზე და წამოვა თუ არა ამაზე მმართველი პარტია – ჩემთვის ეს არის საინტერესო,”- განაცხადა იოსელიანმა.