LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირის გაფართოების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა – რა წერია დოკუმენტში საქართველოს შესახებ

184
Untitled design

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკავშირის საბჭომ დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საბჭო ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს და დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივისადმი ერთგულებას ადასტურებს.

ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, გაფართოება მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის გეოსტრატეგიულ ინვესტიციას წარმოადგენს.

ევროკავშირის საბჭო გამოქვეყნებულ დოკუმენტში საქართველოს მოუწოდებს, ევროკავშირის ღირებულებების მიმართ მკაფიო ერთგულება გამოავლინოს, რეფორმების გატარების პროგრესი გააგრძელოს და კომისიის მიერ განსაზღვრული პირობები ინკლუზიურად, მნიშვნელოვნად და შეუქცევადად შეასრულოს, რათა ევროკავშირის მომავალი წევრობისკენ წინსვლა განაგრძოს.

პრემიერის წერილი ურსულა ფონ დერ ლაიენს: „ევროკომისიის გამოქვეყნებული ანგარიშით აღიარებულია საქართველოს მთავრობის დაუღალავი ძალისხმევა – ჩვენი ერი ელის, რომ წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ“ 

„საბჭო აღნიშნავს და დადებითად აფასებს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მისწრაფებებს.

საბჭო მიესალმება საკანონმდებლო ჩარჩოს, ინსტიტუციურ მოწყობასა და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რადგან აღნიშნული ელემენტები დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების გატარებისას საქართველოს მყარ საფუძველს აძლევს.

საბჭო საქართველოს ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებს, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობა და დიალოგი გამოავლინონ, დაძლიონ პოლარიზაცია და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება პოლიტიკური დაძაბულობა კიდევ უფრო გააღრმაონ. საბჭო ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფის ვალდებულება აიღო“, – წერია ევროკავშირის საბჭოს დასკვნაში.

საბჭო საქართველოს ასევე მოუწოდებს, ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციისა და უცხოური ინფორმაციის მანიპულირებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია,რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირება, მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რეფორმები ქვეყნის პრიორიტეტად უნდა დარჩეს.

როგორც ევროკავშირის საბჭო განმარტავს, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის, განსაკუთრებით სასამართლო, პროკურატურისა და სავალუტო ინსტიტუტების სრული დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, უნდა გაძლიერდეს.

საბჭო ხაზს უსვამს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის საქმეების გამოძიებისა და დეოლიგარქიზაციის ქმედებების სისტემური მიდგომით განხორციელებას.

საბჭოს განმარტებით, საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, დემოკრატიის განმტკიცებისთვის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი მყარი ჩარჩო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საბჭო საქართველოს მოუწოდებს, რომ თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესი უზრუნველყოს, განსაკუთრებით კი 2024 წელს.

„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ისტორიულია, შეგიძლიათ, ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი გქონდეთ თქვენი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად“ – პაველ ჰერჩინსკი

ევროსაბჭო აღნიშნავს, რომ საქართველომ ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემა უნდა უზრუნველყოს. მათ შორის, მედიის თავისუფლების, პლურალიზმის, აზრის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების. ასევე, LGBT პირები უნდა დაიცვას დაშინებისგან, ძალადობისგან და დისკრიმინაციისგან.

საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერას და ხაზს უსვამს მოლოდინს, რომ საქართველო ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებთან შესაბამისობას არსებითად გაზრდის. საბჭო საქართველოს მოუწოდებს, რომ ევროკავშირის შემზღუდავი ქმედებების ფარგლებში თანამშრომლობა გააგრძელოს, მათ შორის რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ მიმართული ზომების შემთხვევაში, რათა გვერდის ავლა არ მოხდეს.

ევროკომისარი: „ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულეს, ამიტომ საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“ 

ჯოზეფ ბორელი: „კარგი ახალი ამბავია ის, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ.. მოვუწოდებ, ამ გზით სიარული გააგრძელოს“