ევროკავშირის ახალი ელჩი აცხადებს, რომ ევროპული კომპანიები ანაკლიის პორტით არიან დაინტერესებულები.
„როგორც ვიცი, ფოთში არსებული პორტის განახლება იგეგმება, რაშიც ჩართულები არიან ევროპული ბიზნეს კომპანიები. ასევე არის გეგმები ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დასაწყებად. ამ საკითხის მიმართ ასევე დიდი ინტერესი აქვთ ევროპულ კომპანიებს“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ “ბიზნეს ფორმულას” კითხვის საპასუხოდ.
ელჩის თქმით, ევროკავშირის სურვილია, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო კავშირები უფრო კარგად განვითარდეს.
“ცოტა ხნის წინ საქართველოში ევროკომისრის ვიზიტის ფარგლებშიც გახდა ცნობილი, რომ გვინდა საქართველო და ევროკავშირი ერთმანეთს ელექტროკაბელით დაუკავშირდნენ“, – ამბობს პაველ ჰერჩინსკი.
მისივე განცხადებით, ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს „შუა დერეფნის“ საკითხს, რომელსაც უკრაინის ომის ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ საქართველოზე გამავალმა შუა დერეფანმა მეტი მნიშვნელობა შეიძინა და ჩვენ ამ ყველაფერში მხარს ვუჭერთ თქვენს ქვეყანას“, – განაცხადა ელჩმა.
პაველ ჰერჩინსკიმ „ბიზნეს ფორმულას“ კითხვის საპასუხოდ, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ 12-პუნქტიან გეგმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.
„თუკი ჩემს პირად მოლოდინებზე მეკითხებით, ვიმედოვნებ, საქართველო სწრაფად წაიწევს წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მაგრამ მხოლოდ ლოდინი არ არის საკმარისი. ქართველებმა უნდა შეასრულონ საშინაო დავალება“, – ამბობს ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი.