LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ელჩი: „საქართველო არასოდეს ყოფილა ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც ახლა.. გთხოვთ, ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობა სათანადოდ შეაფასოთ“

124
პაველ ჰერჩინსკი

„ველოდებით რა ევროკავშირის 27 სახელმწიფოსა და მთავრობების მეთაურების გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ამ შესაძლებლობით ისარგებლონ და 12 პრიორიტეტში აღწერილი რეფორმები განახორციელონ“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

კონფერენციაზე – „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე – ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან“ სიტყვით გამოსვლის დროს, ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ „საქართველო არასოდეს ყოფილა ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც ამჟამად“.

მისივე თქმით, „ევროკავშირი კვლავ მზად არის, საქართველოს ამ ძალისხმევაში დაეხმაროს“.

„ომმა უკრაინაში, ასევე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. გასული წლიდან ჩვენი თანამშრომლობა ქვეყნების ე. წ. სამეულთან ახალ საფეხურზე გადავიდა, როდესაც უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი, საქართველომ კი ევროპული პერსპექტივა მიიღო.

გთხოვთ, ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობა სათანადოდ შეაფასოთ. მათ, ვინც კარგად იცნობს ევროკავშირის გაფართოების ხანგრძლივ და შრომატევად პოლიტიკას, იციან, რა მნიშვნელოვანი მიღწევაა ამ ქვეყნებისთვის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი გამხდარიყვნენ.

ევროკავშირმა ასევე მზადყოფნა განაცხადა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ პრიორიტეტების შესრულების შემდეგ. ეს იყო როგორც ისტორიული გადაწყვეტილება, ასევე უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს მიეცა.

საქართველომ დიდი ხანია გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი ევროკავშირშია, ეს საქართველოსა და მისი ხალხის ისტორიული არჩევანია.

ევროკავშირში გაწევრიანება ძლიერ პოლიტიკურ ნებას და წევრობის კრიტერიუმების შესრულების მიმართ ურყევ ერთგულებას მოითხოვს. ამისთვის საჭიროა ერთიანობა, შრომა და კომპრომისების გაწევა. ეს არ არის ადვილი, მაგრამ შესაძლებელია. არაერთხელ გავხდით იმის მოწმე, რომ საქართველოს ხალხი მისი პოლიტიკური ლიდერებისგან ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე ერთგულებას ელოდება“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.