„რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს“, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ძალადობრივი დაჯგუფება „ალტ – ინფოს“ მიერ დროშის დაწვას.
პაპუაშვილს არ დაუკონკრეტებია ვის და რას გულისხმობდა რადიკალიზმში.
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს
„ჩვენ რასაც ვხედავთ, რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს, ასეთი ქცევა, რა თქმა უნდა, მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. შესაბამისად დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
„რაც შეეხება ლოზუნგების მოყვარულ დეპუტატებს, რომლებიც ახლა მოგვიწოდებენ სხვადასხვა სიმბოლიზმისკენ, ეს არასერიოზული მიდგომაა და მათ გამოვეხმაურები – როდესაც პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე, თუკი ევროპაზე საუბრობენ, ევროპის დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევა უნდა იყოს ევროპული.
როდესაც პარლამენტის შენობაზე წარწერები კეთდებოდა, როდესაც პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, როდესაც ჯებირები კი არა, პარლამენტის შენობის ჭიშკრის დამტვრევის მცდელობა იყო, მაშინ ევროპის გულით ანთებულ ხალხს რომ ეთქვა ამაზე, იქნებოდა კარგი. რაც შეეხება ამ შემთხვევას, სათანადო რეაგირება იყო, შესაბამისი პირები იქნებიან პასუხისგებაში მიცემული ადმინისტრაციული წესით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „ალტ – ინფოს“ წარმომადგენლებმა ჯერ მსვლელობა გამართეს, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს.
შსს: „მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება“
ამავე თემაზე:
ხუნდაძე: ვგმობ საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის განადგურებას