ევროპის ყველაზე ყურებადი არხი EURONEWS-ი ზამთრის კურორტების ამინდის პროგნოზის სპეციალურ ვიდეორგოლში, ევროპის სხვა სამთო კურორტებთან ერთად, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურის შესახებ ინფორმაციას გადმოსცემს.
როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ EURONEWS-ს დაუკავშირდა და საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურის შესახებ ზამთრის კურორტების ამინდის პროგნოზის სპეციალურ ვიდეორგოლში ინფორმაციის განთავსება შესთავაზა.
„დეტალების დაზუსტების შემდეგ, EURONEWS-მა გუდაურის შესახებ ინფორმაცია სამთო-სათხილამურო კურორტების ამინდის პროგნოზის გრაფიკულ ვიდეოში სრულიად უფასოდ განათავსა, რის შემდეგაც, მიმდინარე წლის იანვრიდან არხი გუდაურის ჰაერის ტემპერატურას, იქ არსებული თოვლის სიმაღლისა და სათხილამურო გზების შესახებ ინფორმაციას მაყურებელს ყოველდღიურ რეჟიმში აწვდის. თავად EURONEWS-ს კი, მეტეოროლოგიურ მონაცემებს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ აწვდის“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
EURONEWS-ი ევროპაში ყველაზე ყურებადი საინფორმაციო არხია, რომლის მეშვეობითაც ინფორმაციის მიღება 24-საათის განმავლობაში 12 ენაზეა შესაძლებელი.