LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EUGBC-მ ევროკავშირის სტანდარტებთან საქართველოს საბაჟო სისტემის დაახლოების საკითხზე შეხვედრა გამართა

87

ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობის ღონისძიებები და ევროკავშირის სტანდარტებთან საქართველოს საბაჟო სისტემის დაახლოება, – ეს საკითხები განიხილეს დღეს „ევროკავშირი – საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ (EUGBC) ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე.

როგორც „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ ხელმძღვანელმა ზვიად ჭუმბურიძემ განაცხადა, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები სათანადოდ სრულდება, თუმცა, მისივე თქმით, შესაძლოა, ვადებთან დაკავშირებით, გარკვეული ჩამორჩენაც იყოს.

„შეიძლება, რაღაც მიმართულებით ჩამორჩენა იყოს, მაგრამ ძირითადად ყველანაირი მცდელობაა იმისა, რომ ეს ვადები დაცული იყოს. უნდა ვეცადოთ, რომ რაც გაწერილია ასოცირების ხელშეკრულებით, ზედმიწევნით ან მიახლოებით ვადებში მაინც შევასრულოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, თუ ჩვენ პროდუქცია არ შევქმენით და ის არ გახდა მაღალმოთხოვნადი პროდუქტი, ევროპულ ბაზარზე ადგილს მარტივად ვერ დავიმკვიდრებთ“ – აღნიშნა ჭუმბურიძემ.

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი თაბუაშვილის თქმით კი, საბაჟო სისტემის ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები და მომზადებულია ცვლილებების პაკეტი.

„ცვლილებებთან დაკავშირებით პერიოდულად ტარდება შეხვედრები ევროკავშირის და ბიზნესსექტორის წარმომადგნელებთან. აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა ინსტიტუტები. გარკვეული ცვლილებები უკვე დამტკიცებულია, თუმცა ეს საკმაოდ ბევრ მიმართულებას ეხება, ეს არის ავტორიზებული ეკონომიკური პირის შესახებ კანონმდებლობა, საბაჟო რეგულაციებთან და საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ.“ – განაცხადა თაბუაშვილმა.

შეხვედრას ბიზნესსექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორის ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის თქმით, სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის კონსულტაციები აქტიურად გრძელდება.

„უპრეცენდენტოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს სახელმწიფოსთან – თქვენ ვერ მოძებნით ქვეყანას, რომ ამ სიხშირით კონტაქტობდნენ სახელმწიფო მოხელეები და ბიზნესი. სხვათაშორის DCFTA-ის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ბიზნესსა და სახელმწიფოს ჰქოდეთ კოსულტაციები, ვიდრე მიიღებენ ახალ რეგულაციებს, უნდა იყოს განსაზღვრული დროის გონივრული პერიოდები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბიზნესის ჩართულობა მაქსიმალური უნდა იყოს ამ პროცესში, რასაც ვასრულებთ კიდეც. ეს არის ერთმნიშვნელოვნად დადებითი მომენტი. რაც შეეხება რეგულაციებს, ისინი რა თქმა უნდა, წარმოადგენს იმ შემდგომ ნაბიჯს, რომელიც ჩვენ საქართველოში უნდა დავნერგოთ და განვახორციელოთ, თუკი ჩვენ გვინდა უფრო მაღალ დონეზე ავწიოთ ბიზნესის მიერ წარმოებული მომსახურება თუ პროდუქტი. ამ ტიპის შეხვედრები ემსახურება სწორედ იმ მიზანს, რომ გავიგოთ, კონკრეტულად რა ხდება ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე“ – აღნიშნა ხუნძაკიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები