LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეუფ, ასამდე ავიდნენ… არის თუ არა მიღწევა საპარლამენტო რესპუბლიკა და უნდა იყვნენ თუ არა სიებში ცნობადი სახეები

164
FORTUNA.GE (77)

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაასრულა. 31 ოქტომბერს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და პარლამენტის ახალი შემადგენლობა თითქმის პროპორციული წესით დაკომპლექტდება. ამასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს ამოიწურა პარტიული სიების წარდგენის ვადა. ცნობილია, რომ “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებმაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, ახლა პარტიის პროპორციულ სიაში არიან.

მმართველი პარტიიდან გასული კანონმდებლები და ახალი ფრაქციები, ორი თავმჯდომარე, რამდენჯერმე შეცვლილი ვიცე-სპიკერები და კომიტეტის თავმჯდომარეები… რა ხდებოდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პარლამენტში, რა მნიშვნელოვანი ცვლილებები მივიღეთ და როგორ მიმდინარეობს ბრძოლა მე-10 მოწვევის პარლამენტში მანდატის მოსაპოვებლად.

“ფორტუნას” სტუმარი პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეა.

 

ბატონო რამაზ, როგორ შეაფასებთ მე-9 მოწვევის პარლამენტის საქმიანობას. რა იყო მთავარი მიღწევები და ასევე ხარვეზები, რითაც დაგვამახსოვრა თავი საკანონმდებლო ორგანომ?

არ მივეკუთვნი იმ ადამიანთა რიგს, რომლებიც საპარლამენტო მუშაობის თვალყურის დევნებას მუდმივად შეძლებდა, მაგრამ შეუძლებელი იყო განსაკუთრებული მოვლენებისადმი არ გამოეჩინა ადამიანს ყურადღება. ერთ-ერთი პირველი, რაც შეიძლება აღინიშნოს, ეს არის ცვლილებები კონსტიტუციაში. ამ ცვლილებებმა საპარლამენტო რესპუბლისკენ კიდევ უფრო მეტად, პრაქტიკულად ბოლომდე წაიყვანა ქვეყანა და ის წინააღმდეგობები რაც ადრე იყო, მაჟორიტარი დეპუტატების პროტესტი, მაჟორიტარული მანდატების გაუქმებაზე, მოიხსნა. ეს დეპუტატები პროპორციულ სიაში ჩასვეს და მათი საპარლამენტო ამბიციები ამით დაკმაყოფილდა.

საქართველოს პოლიტიკურ ელიტას მიაჩნია, რომ დიდი მიღწევა იყო საპარლამენტო რესპუბლიკის შექმნა, მიაჩნიათ, რომ გამოდღლიზეს “ქართულ ოცნებას” და ეს მიაჩნიათ დემოკრატიის მიღწევად. მე ასე არ ვფიქრობ. არის ბევრი იმიტომ, მაგრამ  საპარლამენტო რესპუბლიკისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა მიხეილ სააკაშვილმა. რა დემოკრატიის გამო გადადგა ეს ნაბიჯი, ეს იყო მისი მიზანი? გადადგა იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრობა უფრო მყარი მდგომარეობაა, ვიდრე პრეზიდენტობა. პრეზიდენტობა იცვლება 4-5 წელიწადში, პრემიერი შეიძლება იყო ძალიან დიდხანს, აგერ მერკელი 18 წელიწადია კანცლერია. პოლიტიკოსი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს საპარლამენტო რესპუბლიკაში, ამიტომ უნდოდა მიშას საპარლამენტო რესპუბლიკა. ამიტომ აიღო საპარლამენტო რესპუბლიკა მმართველმა პარტიამ. ღიმილის მომგვრელია ამას ოპოზიციის გამარჯვებად რომ მიიჩნევენ.

თუმცა ხშირად პასუხობენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის შედეგად მიიღო ეს ცვლილებები. ამ კონტექტსშია მომდევნო კითხვაც. ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ “ოცნების” საარჩევნო სიაში ის დეპუტატებიც არიან, რომლებმაც პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღება ჩააგდეს. რამდენად მოდის ეს განცხადებები და გადაწყვეტილებები თანხვედრაში? რადგან ხშირად გვესმის ოპოზიციის მხრიდან, რომ “ოცნებას” სჭირდება მორჩილი უმრავლესობა. ეგრეთ წოდებული ამბოხებული დეპუტატების კვლავ სიაში ყოფნა ამყარებს თუ არა ოპონენტების განცხადებებს?

არ ამყარებს იმიტომ რომ ვინც ერთხელ ამბოხებულია, ის შეიძლება მეორადაც ამბოხდეს. ხოლო ამყარებს იმ თვალსაზრისით, რომ როგორც მაშინ გახადეს მორჩილი, ახლაც შეიძლება გახადონ. ოპონენტების ტექსტებში არის ერთი ხარვეზი: საპარლამენტო რესპუბლიკაში მორჩილი უმრავლესობა ყოველთვის უნდა ნებისმიერ პარტიას. დამისახელონ ჩვენმა პარტიებმა, რომელი გამოირჩევა მეამბოხეების სიჭარბით პარტიის შიგნით. აქ ნიშნის მოგებით ლაპარაკი სრულიად უადგილოა. რა “ნაციონალურ მოძრაობაში” არ იყვნენ მორჩილები, ან არ არიან თუნდაც ახლა, უკრაინაში რომ მიდიან კონსულტაციის მისაღებად?

გადავიდეთ სიაზე. მართლაც ძალიან მაგარი სია გამოვიდაო – ასე შეაფასა კახა კალაძემ “ოცნების” სრული სია და გვითხრა, რომ მხოლოდ პროფესიონალიზმის გათვალისწინებით მოხდა ადამიანების არჩევა. საინტერესოა თქვენი მოსაზრება, არის თუ არა ეს ის სია, რომელსაც ქართველი ამომრჩეველი 31 ოქტომბერს მხარს დაუჭერს? მოვიშველიებთ ირაკლი კობახიძის ნათქვამს, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში ასი დეპუტატით შევლენ. აქვს ამის რესურსი “ქართულ ოცნებას”?

ეუფ, ასამდე ავიდნენ… პირველი ოცეული სიმპატიურად გამოიყურებოდა. ძველი თაობაც იყო და ახალგაზრდებიც ძალიან კარგი ბიოგრაფიით. მერე საქმეში როგორები იქნებიან, ან ერთნი ან მეორენი, ვნახოთ. რაც შეეხება სპორტსმენებს, ისინი ყველა ქვეყანაში ყველა სიაში არიან.

არ ვიცი მოისმინეთ თუ არა, ცოტა ხნის წინ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ბუბა კიკაბიძე წარადგინა. თქვენი რეაქცია როგორია, როდესაც ცნობადი სახეები ჭარბობს, როგორ შეაფასებთ ასეთ კრიტერიუმს სიის შედგენისას?

ზოგადად პრაქტიკა რასაც გვიჩვენებს და ევროპულ პარლამენტარიზმშიც იგივე მდგომარეობაა. სახელიანი ადამიანები ყველას სჭირდება. ლოგიკურადაც გასაგებია და პრაქტიკიდანაც ასეთი სურათია ჩამოყალიბებული.

როგორი წინაასარჩევნო გარემო გვაქვს ქვეყანაში და ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები თუ განცხადებები იძლევა იმის გარანტიას, რაც რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ბრიუსელის ტრიბუნიდანაც განაცხადა, რომ 31 ოქტომბერს გვექნება სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები?

მე მგონია, რომ გვექნება სამართლიანი და გამჭირვალე ხელისუფლების მხრიდან. ოპოზიციის მხრიდან იქნება მცდელობა აჩვენონ, რომ ეს არის უსამართლო არჩევნები და ესეც ლოგიკურია ოპოზიციის მხრიდან. აგერ აშშ-შიც ვაკვირდებით ანალოგიურ მოვლენებს. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ოპოზიცია დაინტერესბული იქნება კონფლიქტურ ვითარებებში. მარნეულის ინციდენტიც ამ კატეგორიას განეკუთვნება. ბოლო გამოკითხვებით ხელისუფლება 50 პროცენტს უახლოვდება და მის ინტერესებში არ არის ქვების სროლა და ხელების გადაგრეხვა. მათ ინტერესშია ასეთი ინციდენტების გამოძიება, თუ აღმოჩნდა არდამაჯერებელი ვერსია, მაშინ ყველა ეჭვი ხელისუფლებისკენ იქნება მიმართული. “ოცნებას” საჭიროება არ აქვს დაძაბულობის, რატომ უნდა აიტკიოს აუტკივარი თავი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები