LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეტლით მოსარგებლეთა პრობლემები თბილისში: ახალი ინიციატივა და გადაუჭრელი საკითხები

თბილისში ეტლით მოსარგებლეებისთვის კომფორტული ტრანსპორტი არ არსებობს. MAN-ის ახალი ავტობუსებიც კი, რომლებიც მერიამ ახლა ჩამოიყვანა, მათ მოთხოვნებს სრულად არ ერგება.

კიდევ უფრო დიდი პრობლემაა მეტროთი გადაადგილება.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ურბანული ლაბორატორია“ მერიის სატრანსპორტო სამსახურში პროექტი შეიტანა, რომელიც მეტროსადგურებში ეტლით მოსარგებლეებისთვის, პლატფორმების დამონტაჟებას გულისხმობს. პროექტი მერიაში დღეს განიხილეს.

 

როგორ მუშაობს ე.წ. პლატფორმა და არის თუ არა სხვა ალტერნატივა?

როგორც „ფორტუნასთან“ თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა გიგა სოფრომაძემ განაცხადა, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია, ერთ ან ორ პლატფორმას სატესტო რეჟიმში დაამონტაჟებს თბილისის რამდენიმე მეტროში (მოაზრება რუსთაველი, თავისუფლება და მარჯანიშვილი).

თუ პროექტი წარმატებული იქნება, მერიის სატრანსპორტო სამსახურში შესაძლოა, მისი საქართველოში დაპატენტების გადაწყვეტილებაც მიიღონ.

პლატფორმები ერთგვარი მოწყობილობაა, რომელიც ექსკალატორისგან დამოუკიდებელია.

„პლატფორმაზე ეტლით დგება ადამიანი, ღვედების საშუალებით მაგრდება და დამხმარე პერსონალს მიჰყავს ექსკალატორამდე. როდესაც ექსკალატორი 30 გრადუსიან დახრილობას იღებს, პლატფორმა ექსკალატორზე სპეციალური ფეხებით ეყრდნობა… ეტლი ამ დროს ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც სწორ ზედაპირზე, ასეთ მდგომარეობაში ჩაჰყავს პლატფორმას ბოლომდე, ექსკალატორიდან კი ეტლით მოსარგებლე დამხმარე პერსონალს გადაჰყავს ბაქანზე“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ სოფრომაძემ.

მისი თქმით, ყველაზე ოპტიმალური საშუალება თბილისის მეტროსადგურებში, სწორედ ეს პლატფორმაა, რადგან მეტროს აშენების დროს, ადაპტირებისთვის არაფერი გაუთვალისწინებიათ.

პროექტის სატესტო რეჟიმში განხორციელება უახლოესი 2 თვის განმავლობაში იგეგმება. სატესტო რეჟიმის შემდეგ, დაიდება დასკვნა რამდენად მოსახერხებელია აღნიშნული პლატფორმა ეტლით მოსარგებლეებისთვის.

„თუ გაამართლებს ეს პლატფორმა და მცირე ხარვეზები ექნება, განვიხილავთ შესაძლებლობას, რომ საქართველოში დავიწყოთ მათი წარმოება“, – აღნიშნა მან.

 

რას ფიქრობენ ეტლით მოსარგებლეები?

მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ეტლით მოსარგებლეებიც. მათ შორის იყო ანა გოგუაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ პროექტი წარმატებული ვერ იქნება.

ანა გოგუაძეს მიაჩნია, რომ ყველაზე უსაფრთხო და კომფორტული, მეტროსადგურებში ლიფტების მოწყობა იქნებოდა.

 „მერიაში შეხვედრაზე მეც ვიყავი შეხვედრაზე და გვითხრეს, რომ მეტროსადგურებში ლიფტებს ვერ აკეთებენ, სხვა დანარჩენი კი აბსურდია. თუ ჩვენ დამოუკიდებლობას უწყობენ ხელს, მაშინ დამხმარე რატომ უნდა იყოს საჭირო”, – განაცხადა ანა გოგუაძემ “ფორტუნასთან”.

მისივე თქმით, „ახალი ველოსიპედების“ გამოგონებას, ჯობს ქალაქში უკვე არსებული და რეალური ვარიანტები მოწესრიგდეს.

„ჯობია ის ავტობუსები მოაწესრიგონ, რომლებიც ყველა ქუჩაზე არ დადის, და რომელსაც გაჩერებები არ აქვს მოწყობილი. ახალი ავტობუსებიც კი არაკომფორტულია ჩვენთვის. პანდუსები ავტომატურად არ გადმოდის.

წარმოიდგინეთ დეკემბერში, როცა ყინვაა, მძღოლი უნდა გადმოვიდეს, გადმოწიოს პანდუსი, დაგელოდოს როდის ახვალ, ამის გამო შეფერხდეს მოძრაობა … ეს მგონი ნორმალური არ არის. ვიღაც მართლა გეტყვის დაჯექი სახლში, რაღას გამოდიხარ გარეთო…“, – აღნიშნა ანა გოგუაძემ „ფორტუნასთან“.

მისივე თქმით, გარდა ამ ყველაფრისა პლატფორმას, რომლის დატესტვაც იგეგმება, შეზღუდვები აქვს წონასთან დაკავშირებითაც. ის გათვლილია 200 კილოგრამზე.

„მხოლოდ ახალი ეტლები ცალკე, ზოგჯერ 100 კილოგრამზე მეტსაც იწონის, (აკუმულატორი რომელსაც აქვს) სასწორით ხომ არ დადგება იქ ვინმე და აწონის ყველას?…“, – აღნიშნა მან.

თუმცა სანამ ტრანსპორტის ადაპტირებას მოვახდენთ, მანამდე სასურველია, ამ ტრანსპორტამდე მისასვლელი ქუჩებიც მოწესრიგდეს, რადგან ტროტუარზე დაპარკინგებულ მანქანებს შორის, იქ სადაც ფეხით მოსიარულე გაძვრება, ეტლით მოსარგებლე ვარ გაივლის…

 

რაც შეეხება უცხო ქვეყნების გამოცდილებას:

თითქმის ყველა ევროპულ და დიდ ქალაქში, ეტლით მოსარგებლეებისთვის, მეტროში ჩასასვლელად სპეციალური ლიფტებია მოწყობილი.

ან დამონტაჟებულია ეტლით მოსარგებლეებზე მორგებული ექსკალატორები.

ამ ლიფტებით( და ექსკალატორებით) მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებიც სარგებლობენ, რომელთაც ჩვილები ეტლებში ჰყავთ…

მათთვის ასევე, ადაპტირებულია ავტობუსებიც… და რაც მთავარია ქუჩებიც…

 

თამთა უთურგაშვილი