LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესტონეთში გეოგრაფიულ აღნიშვნა „სულგუნს“ უკანონოდ გამოყენებდენ

66
Untitled

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისთვის – „საქპატენტი“, ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დახმარებით, ცნობილი გახდა, რომ ესტონეთის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ყველის დაცული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის – „სულგუნი“ უკანონოდ გამოყენების ფაქტს. შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, სუპერმარკეტების ქსელიდან SELVER ამოღებულ იქნა დასახელება Suluguni-ით უფლების დარღვევით ნიშანდებული პროდუქცია.

დარღვევაზე რეაგირების მიზნით, 2021 წლის 30 ივლისს საქპატენტმა წერილობით მიმართა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროკომისიის (DG AGRI) გენერალურ დირექტორატს. კომისიის მოთხოვნით, ესტონეთის შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლეს აღნიშნული საქმე, რის შედეგად, ესტონეთში ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის უნებართვოდ გამოყენებისა და დისტრიბუციის თავიდან აცილების მიზნით განახორციელეს აუცილებელი ზომები და ამოიღეს უფლების დამრღვევი პროდუქცია.

ევროკავშირის ტერიტორიაზე ქართული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა ხორციელდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, რომლის ფარგლებში მხარეები აღიარებენ და იცავენ ერთმანეთის გეოგრაფიულ აღნიშვნებს, ხოლო მათზე უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ატარებენ შესაბამის ადმინისტრაციულ ქმედებებს.

საქპატენტი აქტიურადაა ჩართული ქართული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების საქართველოს საზღვრებს გარეთ დაცვის საკითხებში, რათა აღიკვეთოს ქართულ აღნიშვნებსა და დასახელებებზე, უფლებების დარღვევების და მათი რეპუტაციისთვის ზიანის მიყენების ფაქტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები