“მე შემიძლია, გამოვიყენო ყველა მართებული დიპლომატიური ტერმინი, რათა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მნიშვნელოვანია,” – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა, ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა, სადაც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად იმყოფება.
ესტონეთის პრეზიდენტმა მავთულხლართებს “ბოროტების ხაზი” უწოდა და გიორგი მარგველაშვილს ევროკავშირის მიერ შექმნილი წიგნი წარუდგინა, რომელიც ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები ხალხის ცხოვრებას ეხება.
“რა თქმა უნდა, ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42 რაუნდმა დადებითი შედეგი არ გამოიღო; რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ იმას, რომ მეტი ყურადღება მიექცეს ამ კონფლიქტს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ ამ საკითხების მაქსიმალურად აქტიურად წამოწევას, საბოლოოდ კი, ეს ადამიანები არიან ადამიანები, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ ჯანდაცვაზე, რადგან არსებობს მავთულხლართები; ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი ნათესავების მონახულება და მათთან საუბარი, რადგან არსებობს მავთულხლართები. რომელი ევფემიზმიც არ უნდა გამოვიყენოთ, ფაქტია, რომ არსებობს გამყოფი ხაზი.
“ეს წიგნი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ნამუშევარია. მადლობელი ვარ, რომ ევროკავშირი ამ რეგიონში ახორციელებს სადამკვირვებლო მისიას. მეამაყება, რომ შევხვდი სამ ესტონელს, რომლებიც ამჟამად ამ მისიაში მონაწილეობენ. ამგვარად, შეგიძლიათ გამართოთ უკეთესი დისკუსია და გამოიკვლიოთ ადამიანების საოკუპაციო ხაზთან დაკარგვის შემთხვევები. ეს სასარგებლოა. ჩვენ ეს უნდა ვაკეთოთ, სანამ საბოლოო გამოსავალს არ ვიპოვით. ამისთვის კი უფრო ინტენსიური საერთაშორისო პროცესი გვჭირდება, რადგან ეს ადამიანების სიცოცხლეს ეხება,” – აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.