მინდა, ჩვენი დარიგება გაითვალისწინოთ და დააკვირდეთ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას და ამას მოარგოთ ყველა სისტემა, – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ესტონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის ბიზნესკავშირების დამყარება ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ღონისძიებაზე ხედავს ესტონური კომპანიის წარმომადგენლებს და მას ეს ფაქტი ძალიან ახარებს. ესტონეთის პრეზიდენტის განმარტებით, მცირე და საშუალო საწარმოები ეკონომიკაში მოქნილი სეგმენტია და ისინი როდესაც შესაძლებლობას ხედავენ, მას მყისიერად იყენებენ. ესტონეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ეს სეგმენტი ისარგებლებს აღნიშნული შესაძლებლობებით.
მისივე განცხადებით, ესტონეთი ხედავს, რომ საქართველო იზრდება და ვითარდება. როგორც ესტონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ესტონელ მეწარმეებს შეუძლიათ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში მოქმედ ქართველ ბიზნესმენებთან მნიშვნელოვანი შესაძლებლობები შექმნან.
ესტონეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელის დანერგვაზე და აღნიშნა, რომ ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ ქვეყანა ეკონომიკურად სწრაფად გაიზრადოს, რადგან იგივე მოდელი ესტონეთმა განახორციელა და ქვეყანაში გაიზარდა შემოსავლები, ეკონომიკა სარგებლობდა ამ ინიციატივით, იქმნებოდა ახალი საწარმოები და სამუშაო ადგილები.