LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში ყოველ ხუთშაბათს ბოროტ ძალებს ამარცხებენ

19

თუკი კუდიანების დღემდე გჯერათ, ან უბრალოდ საინტერესო სანახაობის ნახვა გსურთ, მაშინ აუცილებლად ესპანეთს და კერძოდ კი მის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ლა კორუნიას უნდა მიაკითხოთ. პატარა ზღაპრულ ქალაქში ტრადიციებს განსაკუთრებით აფასებენ. „ბოროტი ძალების განდევნის“ ცერემონიალიც ერთ-ერთია იმ ისტორიულ წეს-ჩვეულებათა შორის, რომელიც კორუნიას დღემდე შემორჩა.

„ო ჩაჩივაჩე“ არის ადგილი, სადაც ეს სანახაობა ყოველ კვირა ტარდება. მიგელი კი (ან მიგელიტო, როგორც მას ადგილობრივები უწოდებენ) მას დიდი სიამოვნებით ატარებს. მიგელიტოს ბარი საინტერესო შუასაუკუნეების დიზაინით გამოირჩევა, რაც კუდიანების თემატიკას მართლაც რომ ძალიან უხდება. სტუმრებს შესასვლელშივე ეგებებიან და წარმოშობას ეკითხებიან. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადგილობრივებთან ერთად საღამოებს ყოველთვის უამრავი უცხოელი სტუმარიც ესწრება.

როცა მიგელიტომ გაიგო, რომ საქართველოდან ვარ, ძალიან გაუხარდა. ჩემდა გასაკვირად არც ამერიკის შტატი ვეგონეთ და არც რუსეთის ნაწილი. მან შავ ზღვასთან მდებარე პატარა ქვეყნის შესახებ ბევრი რამე იცოდა და ქართველი სტუმარიც არაერთხელ ყოლია.

წარმოშობით თავად ირლანდიიდანაა, თუმცა მთელი ცხოვრება ესპანეთში აქვს გატარებული. ამ პატარა ოკეანით გარშემორტყმული ქალაქის გარეშე არსებობა ერთი წამითაც კი ვერ წარმოუდგენია. კუდიანებისა და ბოროტი ძალების მართლაც სჯერა და იმაში, რასაც აკეთებს მთელ გულსა და სულ დებს. შელოცვა და ჯადოსნური ელექსირის მომზადება დიდმა გურუმ ასწავლა. მასწავლებლის ვინაობას არ გვიმხელს, მხოლოდ იმას ამბობს, რომ ის წარმოშობით ინდიელთა ტომებიდან იყო. მან და მიგელმა 4 წელი განდეგილობაში გაატარეს და ჩვენმა მასპინძელმა ის, რაც დღეს ასე კარგად გამოსდის, სწორედ მაშინ ისწავლა. 3 წლის წინ კი ბარი გახსნა და ბოროტ ძალებს ყოველ ხუთშაბათს ამარცხებს.

სანამ მიგელი ამას გვიყვებოდა, „ო ჩაჩივაჩი“ სტუმრებით გაივსო, უკვე ფეხზე დასადგომი ადგილიც აღარ იყო. მიგელს თანაშემწეებმა საჭირო ნივთები მოუტანეს და სრულ სიჩუმეში ნამდვილი სანახაობაც დაიწყო. მიგელიტო ელექსირის მომზადებას შეუდგა. ცეცხლოვან სანახაობას განსაკუთრებულ ეფექტს ის შელოცვა ანიჭებდა, რომლის სიტყვებიც თავად მიგელის გარდა არავის ესმოდა. დასასრულს კი სასმელს გემო პირველად „ჯადოქარმა“ გაუსინჯა, შემდეგ კი ის მორიგეობით ყველა დამსწრეს მიაწოდა. ცეცხლოვანმა ელექსირმა (რომელიც გემოთი სანელებლებში გაზავებულ ჭაჭას მოგაგონებდათ) კუდიანები სამუდამოდ განდევნა.

თამარ ქირია
ლა კორუნია-თბილისი

CAM05737

CAM05735

CAM05744

CAM05742

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები