ფრანგ მძღოლთა 70% ავტომობილით გადაადგილების დროს სხვა მძღოლების მიმართ აგრესიულია და შიგადაშიგ სალანძღავი სიტყვებიც წამოცდება ხოლმე, ესპანელ მძღოლთა 66%-ისთვის სირთულეს არ წარმოადგენს რომ ნებისმიერ სიტუაციაში ხმოვანი სიგნალი გამოიყენოს, მაშინაც კი როცა ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს. ხოლო, ნიდერლანდელი მძღოლების 50% გასწრებაზე გიჟდება და ხშირად ამისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ზოლს იყენებს.
ასეთი დასკვნა დამოუკიდებელმა კვლევითმა ინსტიტუტმა Ipsos-მა მასშტაბური გამოკითხვის შემდეგ გამოაქვეყნა. გამოკითხვაში 10 ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი 2 ათასი მძღოლი მონაწილეობდა.
საინტერესოა, რომ ყველაზე რისკიანი მძღოლების სტატუსი ბერძნებმა მოიპოვეს. ისინი სხვა ევროპელ მძღოლებთან შედარებით სიჩქარეს უფრო ხშირად აჭარბებენ, საჭესთან ჯდომის დროს საუბრობენ ტელეფონზე ან სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საჭირო დისტანციას არ იცავენ. ყველაზე დახვეწილად კი ავტომობილს ბრიტანელები მართავენ.
მეცნიერებმა გასული წელიც შეაჯამეს და დაადგინეს, რომ ევროპელი მძღოლები უფრო მშვიდები და ზრდილობიანები გახდნენ. სარისკო მოძრაობის 14 კრიტერიუმიდან მხოლოდ 2 გაუარესდა – მძღოლებმა ტელეფონზე საუბარს მოუხშირეს და შუა გზაზე GPS-ნავიგაციის ჩართვას იწყებენ, რაც ყურადღების გაფანტვის მიზეზი ხდება.
ევროპის სტატისტიკის სააგენტო „ევროსტატის“ ინფორმაციით, ევროპული გზები მთლიანობაში ბევრად უფრო უსაფრთხო გახდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 2%-ით , ხოლო 2010 წელთან შედარებით 23%-ით შემცირდა.