უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით, ესპანეთში დააკავეს კიევის მიერ პრორუსად მიჩნეული უკრაინელი ბლოგერი ანატოლი შარიი, რომელიც სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი.
როგორც უკრაინის უშიშროების სამსახური აღნიშნავს, ბლოგერის დაკავება უკრაინელი და ესპანელი სპეც-სამსახურების თანამშრომლობის შედეგია.
ანატოლი შარიი, სახელმწიფო ღალატის გარდა, ეჭვმიტანილია მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობის დარღვევაში რასობრივი, ეროვნული კუთვნილების, რელიგიური მრწამსის და სხვა ნიშნებით.
გამოძიების თანახმად, შარიის საჯარო გამოსვლები და ინტერვიუები მიმართული იყო უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ. უშიშროების სამსახური ვარაუდობს, რომ უკრაინელი ბლოგერი უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედებდა.